“კა-გე-ბეს ტაბლეტები დათრობის წინააღმდეგ” – და აქაც “ქართული კვალია”!
2022 წელს ვულოცავ ჩვენს მკითხველს! ამ დღეებში სხვა პრობლემებთან (პრობლემებს კი რა გამოლევს “მზიურ საქართველოში”?) ერთად საახალწლო ნადიმის “მეორე დღის” (თუმცა ეს ზოგისთვის რამდენიმე დღეც გრძელდება) ანუ ნა-ბახუსევის პრობლემაც დგება. ამიტომ დღევანდელი სასაუბრო თემაც ძალზე, ძალზე აქტუალური შევარჩიე. ცუდი არ იქნება, თუ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ “საყოველთაო შერიგებას”, “ნა-ბახუსევის პრობლემის” გადაჭრის კონკრეტული გზების შეთანხმებით დავიწყებთ: პოლიტიკური პარტიების ლიდერებს აქ უფრო მეტი ექნებათ საერთო.
არსებობს წინაპრების მიერ ბახუსთან ბრძოლის ასწლეულების წინ აპრობირებული მრავალი მეთოდი, რაც ყველას მრავალგზის გამოგვიცდია და მათ ჩამოთვლას აქ არ შევუდგები. გაცილებით საინტერესოა დათრობისა და “მეორე დღის” საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატები, რომლებსაც სპეცსამსახურები იყენებენ.
ლეგენდა კა-გე-ბეს საიდუმლო სპეცლაბორატორიებში დამზადებულ ჯადოსნურ პრეპარატზე, რომელთაც ბახუსის “ძლევა” შეეძლოთ, მრავალი ათეული წელია, რაც არსებობს. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში გავრცელებული შეხედულებით, ყველა საბჭოთა მზვერავი “აღჭურვილი” იყო განსაკუთრებული “იარაღით” – დათრობის საწინააღმდეგო სპეციალური ტაბლეტებით, რომლის მიღების შემდეგ თვითონ ფხიზელნი რჩებოდნენ, თავიანთ თანამეინახეებს (“მტრის ჯაშუშებს”) კი ისე ათრობდნენ, რომ ისინი ყველა საიდუმლოს დიდი სიხარულით “ფქვავდნენ”.
ლეგენდის მიხედვით, ეს მედიკამენტი ორგანიზმში იმ ფერმენტის გამომუშავებას წყვეტს, რომელიც ალკოჰოლის წარმოქმნას და ადამიანის თრობას იწვევს.
კა-გე-ბეს ვეტერანებიდან ზოგს საერთოდ არ სმენია ამ პრეპარატის შესახებ, ზოგი კი პირიქით – ირწმუნება, რომ ეს ტაბლეტები ნამდვილად გამოიყენებოდა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ.
ზოგი ვეტერანი, რომელიც დაზვერვის ხაზით საზღვარგარეთ მუშაობდა და უკვე დიდი ხანია, პენსიაზეა, გაკვირვებით იჩეჩავს მხრებს. მათი მტკიცებით, ამგვარი ტაბლეტები არ არსებობს და მას ისინი პრაქტიკაში არ გამოუყენებია.
საბჭოთა დაზვერვის ზოგიერთი ვეტერანი კი ამტკიცებს, რომ მსგავსი პრეპარატი ნამდვილად არსებობდა და ის თავად შეესწრო ფაქტს, როდესაც საბჭოთა კა-გე-ბეს კონტრდაზვერვის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ორ ოპერატიულ თანამშრომელს, რომელსაც რომელიღაც საზეიმო ვახშამზე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე უნდა გადაებირებინა, სპეციალური ტაბლეტები გადასცა და თან ინსტრუქტაჟიც ჩაუტარა: ყოველი 100 გრამი არყის დალევის შემდეგ ეცადეთ, შეუმჩნევლად ერთი ტაბლეტი მიაყოლოთ, ამერიკელი გაითიშება, თქვენ კი ფხიზლები დარჩებითო…
ლეგენდა მით უფრო დიდხანს ცოცხლობს, რაც უფრო დიდია მისი დაჯერების სურვილი. საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ აშშ-ში ემიგრირებულმა ორმა პიროვნებამ “დათრობის საწინააღმდეგო კა-გე-ბეს ტაბლეტების” წარმოებით ბიზნესი დაიწყო. მათ “ცივი ომის” დროს გასაიდუმლოებულ პრეპარატს “RU-21” დაარქვეს და კომერციულ პროდუქტად აქციეს, რომლის რეალიზაციის ექსკლუზიური უფლება ამერიკულ კომპანია “Spirit Sciences, Inc”-ის აქვს.
დღეს პრეპარატი “RU-21”, რომელიც ლეგენდის მიხედვით, კა-გე-ბემ შექმნა იმისათვის, რომ საბჭოთა აგენტები ფხიზლად დარჩენილიყვნენ, ინტერნეტში სრულიად თავისუფლად იყიდება, როგორც ბახუსის საწინააღმდეგო უებარი საშუალება.
”კა-გე-ბეს ტაბლეტებზე” დიდი მოთხოვნაა მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები და აგენტები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და ტოპ-მოდელები ფულს არ იშურებენ ამ ტაბლეტების შესაძენად (იმხიარულე მთელი ღამე, დილით კი გამოცხადდი გადასაღებ მოედანზე ან პოდიუმზე, თავის ტკივილისა და გაწითლებული თვალების გარეშე – ეს ხომ მათი ოცნებაა), რომელსაც ლოს-ანჯელესში მდებარე პატარა ფარმაცევტული ფირმა “Spirit Sciences, Inc” ჰყიდის.
პრეპარატს კვირაში საშუალოდ 10 000-12 000 დოლარი შემოაქვს. ერთი შეკვრა (20 ტაბლეტი), დაახლოებით, 10 დოლარი ღირს. ეტიკეტზე აწერია “მიიღეთ ალკოჰოლთან ერთად”. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ პრეპარატი ამცირებს ალკოჰოლის ტოქსიკურ მოქმედებას და მეორე დილას ბახუსიც შეგვიძლია დავივიწყოთ. ამისათვის კი, საკმარისია, დავლიოთ 1-2 ტაბლეტი ყოველ 100 გრამ ალკოჰოლურ სასმელთან.