ქართული კულტურის აღმავლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში პრესის სწრაფი განვითარება.
რეფორმის წინა ხანაში ერთადერთი ქართული ორგანო იყო ლიბერალური თავადაზნაურობის ჟურნალი “ცისკარი”, რომელიც 1852 წელს დაარსა მწერალმა გიორგი ერისთავმა. 1853 წელს ჟურნალის გამოცემა შეწყდა, მაგრამ 1857 წელს მისი განახლება მოახერხა ივანე კერესელიძემ, რომლის რედაქტორობით ეს ჟურნალი 1875 წლამდე გამოდიოდა. “ცისკარი” იდეურად ჩამორჩენილი ჟურნალი იყო, მაგრამ მაინც დადებით როლს თამაშობდა მანამ, სანამ საქართველოში ახალი, დემოკრატიული პრესა გაჩნდებოდა.
1863 წლის განმავლობაში გამოდიოდა ახალი თაობის მებრძოლი ჟურნალი ” საქართველოს მოამბე”. ამ ჟურნალით იწყება ქართული დემოკრატიული ჟურნალის ისტორია. ამ ჟურნალმა სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ძველ, დრომოჭმულ ფეოდალურ იდეოლოგიას.
მას შემდეგ რაც ცენზურული პირობების გამო ” საქართველოს მოამბე ” დაიხურა, თერგდალეულებმა დაიწყეს ზრუნვა საკუთარი გაზეთის გამოცემაზე. 1866 წელს მათ ეს მოახერხეს და გაზეთი “დროება ” დაარსეს., რომელიც 1885 წლამდე გამოდიოდა. “დროება” თერგდალეულთა მთავარი ორგანო იყო და თითქმის ოცი წლის განმავლობაში წარმოადგენდა მოწინავე ქართული აზრის შესანიშნავ ტრიბუნას.
(1871-1873) წლებში ასევე გამოდიოდა ჟურნალი “მნათობი”, რომელიც თერგდალეულთა შეხედულებებს იზიარებდა, მაგრამ ხშირად ხალხოსნურ იდეებსაც ქადაგებდა.
გაზეთი “ივერია” დაარსდა ჯერ კიდევ 1877 წელს, როდესაც თერგდალეულტა ბანაკში განხეთქილება მოხდა და ი. ჭავჭავაძე გავიდა “დროების” რედაქციიდან.
90-იან წლებში ქართულ დემოკრატიულ პრესას შეუერთდა გაზეთი “კვალი” და ჟურნალი “მოამბე”. ორივე ეს ორგანო ბურჟუაზიული მიმართულებისა იყო.
ქართულ გაზეთებთან ერთად XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამოდიოდა აგრეთვე სხვადსხვა მიმართულების რუსული და სომხური გაზეთები. მთავრობის ოფიციალური ორგანო იყო გაზეთი “კავკაზი”, რომელიც 1864 წლიდან არსებობდა.
პერიოდული პრესის ზრდასთან ერთად იზრდებოდა აგრეთვე ქართული წიგნის გამოცემა. 1868-1892 წლების განმავლობაში დაიბეჭდა 100 ქართული სახელმძღვანელო.
დიდი ტირაჟით იბეჟდებოდა ქართველი მწერლების ნ. ბარათაშვილის, გრ. ორბელიანის, ი.ჭავჭავაძის, ა. წერეთლის და სხვათა ნაწერები. განსაკუთრებით გაძლიერდა ინტერესი შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის “ვეფხის ტყაოსნისადმი”, რომელიც რამდენჯერმე დაიბეჭდა.
ამრიგად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში როგორც ქართული პდერიოდული პრესის, კისე ქართული წიგნის გამოცემა სწრაფად ვითარდებოდა. ეს იყო ეროვნული კულტურის აღმავლობის ერთ-ერთი ნიშანი.
intermedia.ge