1872 წლის გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ოზურგეთში იმ დღეებში უნდა გამართულიყო “მახინჯარა” ორ ოზურგეთელ ახალგაზრდა თავადს შორის, დროება წერდა – „გურული მახინჯარა დუელი, რომელიც უნდა გამართულიყო ორ ჩვენებურ ახალგაზრდა თავადს შორის“. სავარაუდოდ გურულების დუელის დასახლება ,,მახინჯარა,, სიტყვა “ხინჯს” უკავშირდება, როგორც ცნობილია გურულები გულში ხინჯად რაიმეს დატოვებას ძველ დროში ვერ ეგუებოდნენ.
“მახინჯარა”-ს ტრადიცია გურიაში ძველთაგანვე არსებობდა, მისი წესები დიდად არ განხვავდებოდა სხვა ქვეყნების დუელის წესებისაგან, თუმცა გურულები ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე უფრო ხშირად მიწერ-მოწერითა და შეთვლა-შემოთვლით დიდად თავს არ იწუხებდნენ და კონფლიქტის თანავე მყისვე დააშიშვლებდნენ ხმლებსა და ხანჯლებს.
დროების ოზურგეთელი კორესპონდენტი “გურული” წერდა – „მართალია ასეთი შემთხვევა ახალი არ არის ჩვენში, ეს მხოლოდ ერთი ძველი მამაცური მოგონებაა, მაგრამ ნამდვილი დუელის შესრულება, ყველა თავისი წესებით, როგორიც სხვა ქვეყნებში ხდება.“
„მახინჯარა“ ძირითადად შეურაცხყოფის გამო ან ერთის მიერ მეორეზე უპირატესობის დასამტკიცებლად იმართებოდა. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც „მახინჯარას“ რომელიმე მხარე თავს აარიდებდა ან გაიქცეოდა, ასევე იყო ბოდიშის მოხდა და ამით ორთაბრძოლის თავიდან არიდებაც, თუმცა ასეთი, რამ გამონაკლისი იშვიათობა გახლდათ და “მახინჯარა” ძირითადად მძიმე ჭრილობებით ან დუელიანტის სიკვდილით მთავრდებოდა.
„მახინჯარა“ ძირითადად ცივი იარაღის გამოყენებით ხდებოდა, რომელსაც მოჩხუბრები ერთმანეთში ცვლიდნენ რაიმე უპიტესობა თავისი იარაღით, რომ არ ჰქონოდათ. იყო ბარათების მიწერაც და ბოდიშის მოხდის მოთხოვნა ან გამოწვევა და შეხვედრის დათქმა, რა დროსაც მხარეებს თანაბარი რაოდენობის დამსწრეები უნდა მიეყვანათ.
თუ კი დუელიანტები ცოცხალი გადარჩებოდნენ, ჭრილობების მოშუშების შემდეგ დაპირისპირებულები ძირითად შემთხვევაში შერიგდებოდნენ და ხშირი იყო მათი დაძმობილებაც, რაც შუაკაცების დამსახურება გახლდათ. შერიგების აღსანიშნავად იმართებოდა ქეიფი და იყო მხიარულება.
ასე აღწერს “გურული ერთ-ერთ “მახინჯარას” – „გამომხტარან ორივენი თავთავიანთი ადგილებიდამ, მისულან ერთმანეთთან შუა ადგილზე, დალაპარაკებულან უცებ, რომ ჩვენი ყამებით (გურული ხანჯალით) ვიჩხუბოთო, მიუციათ ერთმანეთისათვის ხელში, ამოუღიათ ყამები და ერთმანეთი დაუჩეხიათ საშიშრად. მაგრამ შემდეგ მორჩენილან ეს ლომკაცები უნახავთ ერთმანეთი და ამათ სიცოცხლეში ამათთანა მეგობრები სხვა არავინ ყოფილა. ჰაი ჩვენში ძველათ როგორი დუელობა სცოდნიათ.“
ასევეა აღწერილი სხვა შემთხვევაც – „თ. ვ. გ-სათვის წერილი მიუწერია შეურაცხებლობისათვის საზოგადოებაში ბოდიში მოიხადე ჩემთანო, ან არადა დუელში გამოდიო. ამ უკანასკნელმა ბოდიში მოითხოვა მართლა თ. ვ. გ-საგან, მაგრამ ბარათით. ამაზე თ. ვ. გ-მა ხელახალი ბართით უკანასკნელად გამოითხოვა დუელში. რომლის ასასრულებლად წავიდა მესამე დღეს, თავის მხრივ ერთი დამსწრე პირის თანწაყოლით, და მივიდა თუ არა თ. ვ. გ-სას ამას დუელში გამოთხოვისას მსვლისთანავე ჩაუკეტნია ოთახის კარები და არ გამოსულა.“
„მახინჯარა“ არამარტო თავადაზნაურობის არამედ ყველა ფენის წარმომადგენლებს შორის იმართებოდა – „ხშირად გამოსულან ერთმანეთთან თავ-მომწონე გურული კაცები იმისთვის, რომ ერთმა უპირატესობა მოინდომა მეორეზე საზოგადოებაში, მეორე მხარეს ეს მიაჩნია თავის ღირსების დამცირებად, ბევრის მიუწერ-მოუწერლად და ამაზე საქმის შეუყენებლად, იქვე ამგვარი შეურაცხებისთანავე, გამოუწვევიათ ერთმანეთი, გაუშიშვლებიათ ლეკურები, ხრმლები და იქვე მოუხდიათ ერთმანეთთან ბოდიში ამ ლეკურებით და ხშირად მომხდარა, რომ ერთმანეთი მოუკლავთ თუ გადარჩენილან, დაჭრილობის მორჩენის შემდეგ ძმურად შეხვედრიან ერთმანეთს. ესეთი თავის ღირსების დაცვა არა თუ მარტო თავად-აზნაურეობაში ყოფილა არამედ დაბალ ხალხშიაც.“
მოკლედ “მახინჯარა” მამაცი, მებრძოლი, თავმოყვარე და რაც მთავარია მიმტევებელი ხალხის საქმე გახლდათ, რომლითაც დღევანდელისაგან განსხვავებით სავსე იყო მაშინდელი გურია.
ფოტოზე – გურულები ლაზური ხმლებით
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა