1716 წელს ანაკლიის და გონიოს ციხესიმაგრეების თურქული გარნიზონების მეთაურები სტამბულში გაგზავნილ წერილებში წერდნენ – „აბხაზმა და მეგრელმა გიაურებმა შეგვიქმნეს დიდი სიძნელეები, მოკლეს ისლამის ხალხი, რომლებსაც სურსათი გადაჰქონდათ“.
.
1721-22 წლებში საქართველოს ზღვისპირა სამთავროებმა ერთდროულად ერთიანი ფრონტით შეუტიეს თურქებს. აბხაზეთის, სამეგრელოს და გურიის სამთავროების საბრძოლო გემებმა შეუტიეს თურქების გარნიზონების მიერ დაკავებულ – ანაკლიის, ბათუმის და გონიოს სიმაგრეებს და დაიწყეს მათ მიმდებარედ არსებული თურქული დასახლებების დარბევა და ისევე როგორც მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში შეეცადეს გაედევნათ თურქები გონიოს სანჯაყისაგან.
.
ტრაპიზონის ფაშის მიერ თავმოყრილმა ოსმალთა სახმელეთო ძალებმა ვერ შეძლეს შემოტევის მოგერიება და ქართულმა სამთავროებმა ზღვაზე სრულ უპირატესობას მიაღწიეს. მათი საბრძოლო გემები დაუსჯელად თავს ესხმოდნენ თურქების ზღვისპირა დასახლებებს და მთლიანად ანადგურებდნენ და არბევდნენ მათ.
.
თურქეთის ხელისუფლება იძულებული გახდა მიეღო განსაკუთრებული ზომები და 1722 წლის აგვისტოში ოსმალეთის ფლოტის მთავარსარდალს კაპუდან-ფაშას უბრძანეს გაეგზავნა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ძლიერი საზღვაო შენაერთი 10 ფირკატის (ფრეგატი) შემადგენლობით.
.
ამავე ბრძანების მიხედვით პირადად კაპუდან-ფაშის მეთვალყურების ქვეშ სულთანის გემსაშენში საჩქაროდ უნდა აშენებულიყო ზარბაზნებით შეიარაღებული ხუთი ეშკაფუა, თითოეული 29 კაციანი ეკიპაჟით. ასევე სასწრაფოდ დანიშნულიყო მთელი შენაერთის საბრძოლო მეთაურები, სულთანის ეს ბრძანება უმოკლეს ვადაში იქნა შესრულებული და უკვე 1722 წლის ბოლოს გემები საქართველოს ნაპირებისკენ გაიგზავნა.
.
უკვე 1723 წელს თურქებმა მთლიანად დაიკავეს საქართველოს საზღვაო სანაპირო და ქართველ მეზღვაურები მათი ბაზების გარეშე დატოვეს, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ ზღვაოსნობას.
.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ბრძოლა თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ კიდევ დიდხანს გაგრძლედა, რის გამო 10 წლის შემდეგაც კი 1732-1734 წლებში თურქები იძულებულნი იყვნენ საქართველოს ნაპირებთან მუდმივად ყოლოდათ თვაიანთი ფლოტის ნაწილი. ამ წლებიდან მოყოლებული 1750-იან წლებამდე თურქული ეშკაფიები ძველებურად იდგნენ ანაკლიის, ფოთის და სოხუმის სიმაგრებთან, რომლებსაც იცავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის საზღვაო თავდასხმებისაგან.
.
(მასალა აღებულია თ. ბერაძის ნაშრომიდან – „Мореплавание и морская торговля Грузии в средние века” Т. Беридзе)
ფოთის ციხესიმაგრის გეგმა – 1737 წლის ქართული რუკის ფრანგული ასლის ფრაგმენტი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა