“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალთან მიხეილ სააკაშვილის საქმის დაკავშირება, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომლითაც ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, განიხილავს თუ არა ხელისუფლება სამართლებრივი გზების მოძიებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის პატიმრობა საქართველოს ევროპულ მომავალთან გაიგივდება.
კობახიძის თქმით, ეს გამორიცხულია.
“რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია. გამორიცხულია პირველ რიგში იმ მიზნის გამო, რა მიზნითაც ასეთ რეზოლუციებს იღებენ და რა მიზნითაც აკეთებენ ასეთ განცხადებებს. მიზანი არის საქართველოში არეულობის შემოტანა, მათ აქვთ იმედი, რომ სააკაშვილს თავისი რესურსით შეუძლია ქვეყანაში ვითარების არევა. ხაბეიშვილმა, კეზერაშვილმა ან მერაბიშვილმა რა უნდა არიონ თავისი, თუნდაც დიდძალი ფულით, მათ არაფრის არევის რესურსი აქვთ. მათ ახსოვთ, რომ თავის დროზე სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში 2003 წელს ხელისუფლების ცვლილებას და ახლაც იმედი აქვთ, რომ მას აქვს საკმარისი რესურსი”, – თქვა კობახიძემ.
ამის შემდეგ, ჟურნალისტმა კობახიძეს კიდევ ერთხელ ჰკითხა, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
კობახიძემ უპასუხა:
“ჩემთვის ეს დილემა არის უკვე აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელი. თუ ერთ მხარეს დგას ევროკავშირი და მეორე მხარეს დგას სამართლის უზენაესობა, თუ ასე დგას ეს საკითხი, იქ რა ევროკავშირზეა საუბარი საერთოდ. ასე არ შეიძლება საკითხი დადგეს. მე მჯერა, რომ ევროკავშირსა და სამართლის უზენაესობას შორის არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.