საქართველოში ქარხნულად წარმოებული ყველის პარალელურად ფართოდ ხელმისაწვდომია ოჯახებში, ინდივიდუალური მწარმოებლების მიერ დამზადებული ყველი. მომხმარებლების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ამ ტიპის ყველი უკეთესია, თუმცა, თუკი წარმოების პროცესსა და პროდუქტის მახასიათებლებს კარგად დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ ქარხნულად წარმოებულ ყველს არაერთი უპირატესობა გააჩნია. საქართველოში ყველის ბაზარზე და ზოგადად ყველის წარმოების პროცესზე „დღის პროდუქტების“ დირექტორი გიორგი ჭიჭიკოშვილი გვესაუბრება.
როგორ შეაფასებთ საქართველოში ყველის ბაზარს?
ქართულ ბაზარზე ყველი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. ქართველები ყველის დიდი გულშემატკივრები ვართ და საკმაოდ ინტენსიურად მოვიხმართ. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში რამდენიმე ათეული დასახელების ყველი იწარმოება. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია სულგუნი, რომელსაც ასევე თავისი რამდენიმე სახეობა აქვს.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, რომ მასზე მწარმოებელს „ყველის“ დაწერის უფლება ჰქონდეს?
პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური რძით, ცხოველური ცხიმით დამზადებული. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, პროდუქტი თუ მცენარეული ცხიმითაა დამზადებული, მასზე მწარმოებელი „ყველს“ ვერ დააწერს. ასეთ პროდუქტს უნდა ეწეროს „ყველის შემცვლელი“ ან „ყველის მსგავსი“. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველის შეძენამდე მისი ეტიკეტი კარგად წაიკითხოთ და გაარკვიოთ, რეალურად რა პროდუქტია ის.
რა განსხვავებაა ქარხნულად და ოჯახში დამზადებულ ყველს შორის?
ბაზარზე ინდივიდუალური ფერმერების მიერ მოწოდებული ყველი მრავლად გვხვდება, თუმცა მასა და ქარხნულად დამზადებულ ყველს შორის მართლაც დიდი განსხვავებაა. ქარხნულად დამზადებული ყველი ბევრად უფრო უსაფრთხოა.
მართალია, ისტორიულად ყველი ოჯახებში მზადდებოდა და ოჯახურ პროდუქტად ითვლებოდა, მაგრამ მისმა წარმოებამ განვითარების საფეხურები გაიარა და დღეს მიჩნეულია, რომ ყველი ქარხნულად უნდა მზადდებოდეს. ასეა განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითად, იტალიაში, რომელიც ყველის ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია, ოჯახური ყველი კვლავ ხელმისაწვდომია, მაგრამ უპირატესობა ქარხნული წესით დამზადებულ პროდუქტს ენიჭება.
ქარხნულად დამზადებულ ყველში ბაქტერიების კუთხით დაბინძურების მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი. მიზეზი მარტივია – წარმოების ყველა საფეხურზე ლაბორატორიული კონტროლი ხორციელდება.
პროცესი ავტომატიზებულია, შესაბამისად ადამიანი ნაკლებად არის ჩართული მასში და დაბინძურების შანსიც ნაკლებია.
თქვენს საწარმოში როგორ ხორციელდება ლაბორატორიული კონტროლი?
ჩვენთან კვლევა წარმოების სხვადასხვა ეტაპზე სისტემატურად ხორციელდება. გვაქვს სტაბილური რძე სტაბილური ცხიმიანობით, რომლის სრული დამუშავება, პასტერიზაცია ხდება.
ლაბორატორიული კონტროლი ხდება როგორც მოწოდებული რძის, ისე საბოლოო პროდუქტის, რაც ხარისხის გარანტიაა. უვნებლობის კუთხით ჩვენი პროდუქტი სრულიად დაცულია.
კონტროლს უზრუნველყოფს ლაბორატორია, რომელიც ადგილზევე გვაქვს.
ვინ არიან ნედლეულის მომწოდებლები? თქვენს საწარმოში სრულად ქართული რძით ხდება ყველის წარმოება?
ადგილობრივ ბაზარზე გვყავს სტაბილური მომწოდებლები, რომლებიც მუდმივად მაღალი ხარისხის რძის მოწოდებას უზრუნველყოფენ. ჩვენს პარტნიორ ფერმებში სისუფთავე მაქსიმალურად არის დაცული. მიუხედავად ამისა ჩვენ პერიოდულად ფერმებშიც ვატარებთ შემოწმებას. ასევე, მოწმდება მოწოდებული რძის ხარისხიც.
ნედლეული მეტ-ნაკლებად დამოკიდებულია სეზონურობაზე, თუმცა სათანადო მარაგების მობილიზებით ვცდილობთ მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად შევთავაზოთ ერთი და იმავე ხარისხის ყველი.
რამდენი სახეობის ყველს სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩვენ ვაწარმოებთ ქარხნული წესით დამზადებულ 3 სახეობის სულგუნს. ესენია: სტანდარტული, ტრადიციული და შებოლილი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით პოპულარული და მოთხოვნადია.
ასევე ვაწარმოებთ მოცარელას, რომლის ორგანიზებულ წარმოებას, ექსკლუზიურად, ქართულ ბაზარზე, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ.
დაგეგმილი გვაქვს სიახლეებიც. ვმუშაობთ როგორც პროდუქტების გამრავალფეროვნებაზე, ისე ახალ შეფუთვებზე. ჩვენი მიზანია ყველი ლანჩზე მისართმევი პროდუქტი გახდეს.
ჩვენი ყველი ხელმისაწვდომია „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ სუპერმარკეტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე ხარისხზე ვართ ორიენტირებული და ვთვლით, რომ ეს ბაზარი საკმარისია, თუმცა სამომავლოდ ზრდასა და განვითარებას ვგეგმავთ.
ვცდილობთ, ჩვენი პროდუქტი ფინანსურადაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის. ახლა ყველიერის კვირაა, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. სწორედ ამიტომ სულგუნზე განსაკუთრებული ფასდაკლება მოქმედებს.