პატივი ეცით ჩვენს ტერიტორიას, შეაჩერეთ დაბომბვა, შეწყვიტეთ მკვლელობები და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებთ მოლაპარაკების მაგიდასთან – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო მედიისთვის, ომის 1 წლისთავთან დაკავშირებით მართავს.
მსოფლიო მიხვდა, რომ მას სჭირდება დამოუკიდებლობა რუსეთისგან საკუთარი ინტერესების დასაცავად. ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა იმის ნიშანია, რომ მსოფლიოში თავდაცვის რეფორმა დაიწყო – ამბობს ზელენსკი.
კითხვაზე, ვინ გაუცრუა ამ 1 წელში ყველაზე მეტად იმედი, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი პასუხობს, რომ ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელმაც გასული წლის 24 თებერვალს, უკრაინა დატოვა.
“დილიდან საღამომდე ყოველდღე ვმუშაობ, არჩევანს ვაკეთებ. ცოცხალი ადამიანი ვარ და, ალბათ, ყოველდღე ვუშვებ შეცდომებს. მთავარი ის არის, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ ვუშვებ საბედისწერო შეცდომებს, მადლობა ღმერთს, ასეთი შეცდომა არ ყოფილა.” აღნიშნა ზელენსკიმ.
მას ჰკითხეს, გაეხსენებინა ყველაზე საშინელი დღე, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. პრეზიდენტმა ბუჩა დაასახელა
“ბუჩა. ეს მე დავინახე.. დავინახეთ, რომ ეშმაკი სადღაც იქ კი არა, აქ, დედამიწაზეა…ყველაზე საშინელი დღე იყო ის დღე, როცა ბუჩაში რუსეთის სისასტიკეს ვნახე” ამბობს ზელენსკი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.