„თუ სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავ, ეს უკვე დემოკრატიის დარღვევაა“ – კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ „აგენტების შესახებ“ კანონს აფასებს და ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაა დემოკრატიის განვითარების მთავარი ღერძი.

„თუ შენ სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავ, თუ მათ უქმნი ბარიერს, ნებისმიერი ბარიერი, რომელსაც შენ უწესებ რეგისტრაციის კუთხით, ან თუნდაც დამატებითი გამჭვირვალობის მოთხოვნების სახით, მითუმეტეს კიდევ საჯაროობის მხრივ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის ბარიერი. რაც მეტია მოთხოვნები, რეგისტრაცია, კონტროლი, მონიტორინგი საქმიანობაზე, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებაზე, მით უფრო შეზღუდულია დემოკრატია.

საზოგადოება გამჭვირვალობით შეცდომაში შეჰყავთ. იმედია, ვენეციის კომისია მიუთითებს რამხელა განსხვავებაა გამჭირვალობას და საჯაროობას შორის, რასაც აწესებს ეს კანონი. გამჭირვალობის გაზრდა შეიძლება სხვა გზებით, ეს ნიშნავს, რომ რაღაც არ არის დაფარული და დამალული, ამის კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო, მაგრამ საჯაროობა ნიშნავს დემოკრატიის შეზღუდვას. მაგალითად, არჩევნებში რატომაა ხმის მიცემა ფარული? იმიტომ, რომ ეს არ უნდა იყოს საჯარო, ეს ადამიანის პირადი უფლება და როცა მთელი შენი ინფორმაციის საჯაროდ გამოტანას აპირებენ და თან მაინც და მაინც შენი, ეს რა თქმა უნდა, დისკრიმინაციაა. ამას აკეთებენ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ტოტალურად, სამოქალაქო საზოგადოების 90% ფინანსდება უცხოეთიდან მიღებული გრანტებით, იმიტომ რომ თავად სახელმწიფოს არ აქვს მექანიზმები, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოებას დააფინანსებს,“ – განმარტავს კახა გოგოლაშვილმა.

მისივე ცნობით, აღნიშნული კანონი არის უკუსვლა დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე.

„პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საზოგადოებისთვის ამ ცინიკური დამოკიდებულების ჩვენება. ქართული საზოგადოება არ არის ისე, როგორც ჩანდა – ინტერესი, ინტელექტის დონე, კულტურული დონე, საკითხების გაცნობიერების დონე საკმაოდ მაღალია, უბრალოდ ეს ხალხი აქამდე ჩუმად იყო, ახლა მაღლა ამოწიეს და შეურაცხყოფილები არიან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავს რაღაც კანონს გვახვევენ, რომელიც აშკარად ანტიდემოკრატიულია და ევროპულ სამართალს არ ეთავსება, გარდა ამისა ისე ფუთავს ხელისუფლება, რომ ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელია, უარგუმენტოდ თავს გვახვევენ რაღაც კანონს, რომელიც შესაძლოა, რომ კრემლიდან იყოს ჩამოშვებული, იმიტომ რომ შეუძლებელია, საქართველოში ნორმალურ ადამიანს თავში აზრად მოუვიდეს მსგავსი კანონის დაწესება და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა,“ – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „აგენტების შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share