რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია იმყოფებოდა.
“არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!”, – ამ სახელწოდებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად საკანონმდებლო ორგანოსთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არიან შეკრებილი.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
კანონპროექტი, რომელიც საქართველოში “უცხოური გავლენის აგენტებს” გააჩენს, შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. “უცხოური გავლენის აგენტებად” დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.