ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არსებულ ფორმატში – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინიციატივა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ, რითაც აცხადებენ, რომ წყვეტენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მანამ, სანამ პარლამენტი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს. ორგანიზაციების განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე წაიკითხეს:

“ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები დღეიდან ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არსებულ ფორმატში, სანამ ხელისუფლება ამ კანონს უკან არ გაიხმობს და არსებითად არ დააბრუნებს ქვეყანას დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებში. არ ვითანამშრომლებთ მათთან სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში. ჩვენ გავაგრძელებთ ბავშვების, ქალების, ხანდაზმულების, მშრომელების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებებზე ზრუნვას და მათ მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის”.

არასამთავრობო სექტორის განცხადებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ადასტურებს რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიულ და პროდასავლური განვითარების კურსს:

“7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის 78-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ეს კანონი არის დიდი რუსული კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის განხილვა, ეროვნული სირცხვილია, ყველა მოქალაქის შეურაცხყოფა და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია”.

გუშინ, 7 მარტს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები – აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.

კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share