საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, “არ გაბედოს და არ სცადოს” საზოგადოებაში პოლარიზაცია შემოიტანოს.
მისი განცხადებით, დეპოლარიზაციის რეკომენდაცია შესრულებულია, რადგან რუსული კანონის წინააღმდეგ ყველა გაერთიანდა.
“ეს იყო პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და ეს გაერთიანება საზოგადოების ძალიან კარგად გამოჩნდა და ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე თქვენ გვერდით ვარ.
მეამაყებით, თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია. პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს. თქვენ გვერდით ვარ და ვიქნები თქვენ გვერდით”, – თქვა პრეზიდენტმა.