ვფიქრობ, რაც ვიხილეთ, ეს იყო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ძალიან დახვეწილი ტალღა, რომელიც გავრცელდა ამ საკითხის გარშემო. ფაქტობრივად, პროექტი ჯერ ქაღალდზეც არ იყო დატანილი, ინიცირებულიც კი არ იყო, როდესაც ის დაიბრენდა როგორც რუსული კანონი. ძალიან საინტერესოა, თუკი მიადევნებს მაყურებელი თვალს, ვისგან წამოვიდა, როგორ განვითარდა, ეს ტერმინი როგორ დამკვიდრდა, რა კონტექსტში იყო გამოყენებული, ფაქტობრივად, ზიზღის გამაღვივებელი ტერმინი. ვინაიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რუსეთთან, ამით პირდაპირ ვქმნით მტრის ხატს. მტრის ხატი იქმნება და შესაბამისად, ეს ობიექტი უნდა გახდეს ზიზღისა და სიძულვილის ობიექტი და ამანაც მოგვიტანა საბოლოო ჯამში ის აგრესია, რომელიც ამ აქციაზე იყო. გამოიწვიეს სიძულვილი ახალგაზრდობაში და ჩვენ ვნახეთ, რომ თინეიჯერები იყვნენ განსაკუთრებით ჩართული. ფაქტია, რომ ეს იყო ძალიან დახვეწილი პროპაგანდისტული სვლა.