“რაც თავი მახსოვს, სულ კონფლიქტი მაქვს რეალობასთან, ხშირ შემთხვევაში, დათმობაც მიხდება და ეს ჩვეულებრივი ამბავი მგონია”, – ამბობს გიორგი კეკელიძე ჟურნალ “გზასთან” ინტერვიუში:
”რაც თავი მახსოვს, სულ კონფლიქტი მაქვს, ხშირ შემთხვევაში, დათმობაც მიხდება და ეს ჩვეულებრივი ამბავი მგონია, რადგან ცხოვრება, თავისი არსით, კომპრომისების ხელოვნებაა. რაც შეეხება ადრეული პერიოდის პროტესტს, ჩემი ბავშვობა დიდწილად რეალობით უკმაყოფილებასაც გულისხმობდა; ბავშვობის ის მოდელები, რომლებიც წიგნებში წაგვეკითხა, ძალიან შორს იყო იმ რეალობისგან, რომელშიც ვიზრდებოდით. მოგეხსენებათ, 90-იანი წლები სავსე იყო მთელი რიგი სირთულეებით და ბავშვობისთვის მაინცდამაინც სასიკეთო არაფერი ეცხო, მაგრამ მეორე მხრივ ეს ყველაფერი საინტერესო გახლდათ იმით, რომ ფანტაზიის უნარს ავითარებდა, ჩვენ არაფრიდან ვიგონებდით ყველაფერს.
ჩემი მთავარი კონფლიქტი რეალობასთან ალბათ ჩემი ცხოვრების წესია. ყოველდღიურად ვცდილობ, საკუთარი თავი გავაუმჯობესო და არ ვიყო ნაწილი იმ კონკრეტული მოცემულობების, რომელსაც ცხოვრება მთავაზობს ხოლმე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვცდილობ გარდავქმნა ჩემი რეალობა, უკეთესი გავხადო, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უარესი გამომდიოდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ბრძოლა საინტერესოა.
ის, რაც ჩემთვის ყველაზე უსიამოვნოა, არის უმადურობა, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი (შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად) სენია; მეორე – ეს არის ურთიერთგაუტანლობა და ნაკლები ემპათიურoბა, რაც ათეული წლებია, ჩვენს რთულ და მოურჩენელ პრობლემად იქცა; მესამე სენი არის უზრდელობა, ასეთი ადამიანები ძალიან არ მიყვარს.
მე, როგორც ამ საზოგადოების ერთ-ერთ რიგით წევრს, გარკვეულწილად მახასიათებს კიდეც ის თვისებები, რაც სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას მთლად საუკეთესოდ ვერ წარმოაჩენს. ასე რომ, ბრძოლა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან მაქვს გამოცხადებული და ვიტყვი, რომ არც ისე წარუმატებლად. ძალიან ბევრი რამ შემიცვლია ჩემს თავში, ბევრი რამ გადამიფასებია, სხვაგვარად დამინახავს და ეს მხოლოდ და მხოლოდ უპირატესობა მგონია. ფერისცვალების აქტი, რომელიც ბიბლიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ხომ რეალურად კონფლიქტია რეალობასთან. სინამდვილეში ადამიანებს უნარი გვაქვს გარდავიქმნათ, ფერი ვიცვალოთ, წინანდელ მდგომარეობაზე უარი ვთქვათ. ეს უნარი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს აქვს.”
ჟურნალი “გზა”