ტევრი – სალიტერატურო ქართულში ტევრი ხშირი დაბურული ტყეა. გურულში ეს სიტყვა აღნიშნავს ახალგაზრდა ხშირ ტყეს. გურიაში ცხრა გეოგრაფიული ობიექტი ატარებს ამ სახელწოდებას. გვაქვს აგრეთვე შავიშვილების ტევრი – ჯაგნარი და სხვ.
.
რაყა – მურყანის (თხემლა) ტევრია, ახალგზარდა ხეთა კორომია. ეს ლანდშაფტური ტერმინი ხუთგან გვხვდება ადგილის სახელად გურიაში. ორგან დაფიქსირდა ტოპონიმი დიდრაყა – ტყეთა სახელებია სოფ. უკანავასა და მეწიეთში.
.
ნაშხულა – გურულში გავრცელებული ტერმინია და იმ ადგილის სახელია, სადაც წარმოზრდილია ახალგაზრდა ხეები. ტოპონიმად მხოლოდ ერთხელ გვხვდება _ ნაშხულე _ ფერდობია სოფ. თავსურებში.
.
ურეკი- სამონადირეო ტერმინი ჩანს. რეკვა მარეკებით ნადირობაა, ნადირის გარეკვაა ჩასაფრებული მონადირეების მიმართულებით. ის ტყე, საიდანაც შეიძლება ნადირის გამორეკვა, სარეკია, ხოლო საიდანაც ეს არ შეიძლება, ის ურეკია. ხანდაზმულთაგან ასეთი განმარტებაც გვსმენია: ურეკია ისეთი ტყე, სადაც საქონლის შერეკვა არ შეიძლება. ასეა თუ ისე, ყველა შემთხვევაში ურეკი არის ძალზე ხშირი ტყე, სადაც ვერ შეაღწევ.
.
ფარჩხა – ურეკის ანტონიმურ შინაარსს შეიცავს ფარჩხა. ეს სიტყვა სალიტერატურო ქართულში ნიშნავს გაფარჩხულს, გურულ დიალექტში კი აღნიშნავს მეჩხერს, წვრილ ტყეს. გურიაში არა ერთი და ორი იქნებოდა როგორც ურეკი, ისე ფარჩხა, მაგრამ ეს სიხშირე ტოპონიმიაში ვერ აისახა. ურეკი სოფლის სახელია, ხოლო ურეკის პირი სახნავისა სოფ. წყალწმინდაში. ფარჩხა ჩაის პლანტაციაა სოფ. ხრიალეთში. აქედან გადის ფარჩხას ღელე.
.
შხუნა – მეგრული დიალექტის კუთვნილებაა, თუმცა გურულშიაც ყოფილა გავრცელებული, სადაც იგი აღნიშნავს ახალგაზრდა ხშირ ტყეს, ნორჩი მურყანის ტყეს და ა. შ. თითქმის ასეთივე მნიშვნელობა აქვსა იმერულსა და გურულში ჩქოლა სიტყვას: “ნორჩი მცენარე, ხშირად ამოსული ბუჩქები, ახლად აზრდილი მურყანი”.
.
ჩქოლარი – ჩქოლარიც (ჩქოლნარი) ტერმინია და აღნიშნავს “ნორჩ ტყეს”. გურულსა და რაჭულში მოიპოვება მესამე სიტყვაც, რომელსაც დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც შხუნასა და ჩქოლარს. ესაა ჩქვიფი “ხის ამონაყარი, ჩქოლა, ახალნერგი”. აღნიშნული სამი ტერმინი არაა ხშირი გურიის ტოპონიმიაში. გვაქვს შხუნები – ტყე-ბუჩქნარი სოფ. ახალსოფელში, ჩქოლარი _ ტყე სოფ. გოგოურში, ჩქვიფი – ფერდობი სოფ. თავპანტაში.
.
რევაზ ძნელაძე – გურული დიალექტის ტოპონიმური ლექსიკა (2005)
.
პონტოს მუხის აღკვეთილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა