საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების აღმოსავლეთის არქეოლოგიის განყოფილების 1860 წლის 28 მარტის სხდომაზე მარი ბროსემ წაიკითხა მოხსენება ჩესმენის სამხედრო მოწყალების სახლის (Чесменская богадельня) ეკლესიაში არსებულ მაცხოვრის სუდარაზე (Плащаница), რომელიც რუსებს წამოუღიათ საქართველოდან (კახეთიდან) 1590 წელს.
.
მარი ბროსეს თქმით ჩესმენის სუდარა იყო ბრწყინვალედ ნაქარგი და წარმოადგენდა ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს. იგი ასევე ამბობს, რომ ჩესმენის სუდარის მსგავსი უნიკალური სუდარა იმ დროისათვის კიდევ ორი იყო საქართველოში. პირველი სამეგრელოში – ქართული წარწერებით 1653 წელს სამეგრელოს მთავარს ლევან დადიანს შეუწირავს ცაიშის ეკლესიისათვის. ხოლო მეორე გურიაში – გურიანთის ეკლესიაში, რომლისათვის სუდარა შეუწირავს ბეჟან ნაკაშიძეს 1720 წელს. გურიანთაში არსებულ სუდარას გარსშემოყოლებული ჰქონია ბერძნული ტროპარი.
.
წყარო – Известия Императорского Археологического общества 3 т. 1861 (საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების აღმოსავლეთის არქეოლოგიის განყო¬ფილების 1860 წლის 28 მარტის სხდომის ოქმი მ. ბროსეს მოხსენება)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა