“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი მსოფლიო პატრიარქისთვის, ილია მეორეს მიერ მიწერილ წერილს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს საპატრიარქო ამ წერილით რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს იცავს:
“საკუთარი წერილით მსოფლიო პატრიარქისადმი, რომლითაც იცავს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს, საქართველოს საპატრიარქო:
შორდება უძველესი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ სულისკვეთებას;
ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ღიად და მკაფიოდ გაცხადებულ ნებას;
უპირისპირდება ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ისტორიულ ინტერესებს;
უმძიმესი დილემის წინაშე აყენებს საკუთარ მრევლს, არჩევანი გააკეთოს სამოქალაქო პოზიციასა და რელიგიურ მრწამსს შორის და ამით აზიანებს და ძირს უთხრის პირველსაც და მეორესაც;
ხელოვნურად ქმნის და აღვივებს სეკულარული პატრიოტიზმის და რელიგიური მიკუთვნებულობის ტრადიციის არათავსებადობისა და ურთიერთგამომრიცხაობის უკიდურესად საშიშ პარადიგმას;
ოპერირებს არა როგორც ავტოკეფალური ეკლესია, არამედ როგორც რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ავტონომიური საეკლესიო ერთეული, რომელიც უპირისპირდება მსოფლიო მართლმადიდებლურ ერთობას და პირადად მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს.” ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში.