ლიეტუვის სეიმმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. სეიმი ადასტურებს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას, თუმცა მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი ინიციატივებისგან, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
რეზოლუციას მხარი ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა.
“ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ნებისმიერი საკამათო საკანონმდებლო თუ სხვა ინიციატივებისგან, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავის უფლებას, ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებს და ზიანს აყენებენ საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში”,- ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში არის მოწოდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან არგადახვევის შესახებ. სეიმი, ასევე, იხსენებს „უცხოეთის აგენტების“ რუსული კანონპროექტის მიღების მცდელობას.
ლიეტუვის სეიმი ყურადღებას ამახვილებს „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე და მიიჩნევს, რომ ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს სამართლებრივი დამოუკიდებლობის შესახებ.
სეიმი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს პროცედურები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყანაში ან აშშ-ში გადაყვანისთვის, რათა ყოფილმა პრეზიდენტმა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.
სეიმი, ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას, შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთისთვისა და ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს და მხარი დაუჭიროს უკრაინას.
სეიმი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ 19 აპრილის შეთანხმებას.