ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის კურსი დაიწყო. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის, საინიციატივო შეხვედრები გურიაში“, ინიციატივის მხარდამჭერი კომპანია ბახვი ჰესი, პარტნიორი კი, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც პროექტში მონაწილე პირების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
პროექტის მიზანია ფსიქოთერაპიული ჯგუფური მუშაობის პრინციპით შშმ პირების მშობლებისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ტრენინგს წარუძღვება „ფსიქოთერაპიული სივრცის“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კერესელიძე.
პროექტის ფარგლებში გაიმართება 10 შეხვედრა შემდეგ თემებზე:
შშმ პირთა მშობლების უფლებები და საქართველოში ხელმისაწვდომი შშმ სერვისები;
დიაგნოზი და მისი მიმღებლობა; ცხოვრება დიაგნოზთან ერთად
როგორ აისახება მშობლის შფოთვა ბავშვის განვითარებაზე
სტიგმა და მასთან გამკლავების მექანიზმები; როგორ მოვახერხოთ შვილის ინკლუზია გარემოში.
არტ თერაპიული ჯგუფური მუშაობა
„ორგანიზაციისთვის „ქალები ქალებისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, შშმ პირებისა და მათი ოჯახების გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი
თვითმართველობის მხარდაჭერით, კარდაკარის პრინციპით მოვიარეთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები და შევქმენით ბაზა, რომელიც აერთიანებს 500 მდე შშმ პირს. საჭიროებიდან გამოდინარე ჩამოვაყალიბეთ შშმ პირთა მშობელთა კლუბი, რომელშიც გაწევრიანებულია 35 მშობელი. რადგან შშმ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს მშობლების ფსიქო-ემოციური განწყობა, გადავწყვიტეთ პირველად ჩოხატაურში ტრენინგების სახით გაგვეწია მშობლებისათვის ფსიქოლოგიური კონსულტირება და პედაგოგიური მხარდაჭერა“,- განაცხადა ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის საინიციატივო შეხვედრები“-ს დამფუძნებელმა, ირინა ბაქრაძემ.
„ბახვი ჰესი, აღნიშნულ პროექტს კომპანიის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, შშმ პირების დახმარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ინიციატორს, რათა მოგვცა საშუალება აღნიშნულ პროექტში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ ვთვლით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი მშობლების გაძლიერება, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების ფონზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. სამწუხაროდ, შშმ პირები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების სათანადო და სრულყოფილ რეალიზებას. ეს პრობლემა კი, განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას. აუცილებელია, შშმ პირების მშობლებმა იცოდნენ საკუთარი უფლებებისა და იმ სერვისების შესახებ, რასაც მათ სახელმწიფო, არასამთავრობო თუ კერძო სექტორი სთავაზობს. მიმდინარე პროექტი ჩოხატაურში მცხოვრებ შშმ პირების მშობლებს დაეხმარება, ერთი მხრივ, სტიგმასთან გამკლავებაში, მეორე მხრივ კი არსებულ გარემოსთან ადაპტირებაში“ – განაცხადა ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
შშმ პირების მშობლებისთვის ფსიქოთერაპიული კურსი ერთ წლიანი პროექტია. 2023 წლის მანძილზე 11 შეხვედრაა დაგეგმილი. პირველი შეხვედრა ჩოხატაურში 24 მარტს გაიმართა, რომელსაც 25 მშობელი დაესწრო.