“მსოფლიო პოლიტიკაში პუტინი იყო “კანონიერი ქურდი” და დღეს არის “გაფუჭებული ქურდი“ – სოსო ცინცაძე

ექსპერტი, სოსო ცინცაძე ეხმაურება ბოლო დროს განვითარებულ აქტუალურ მოვლენებს, მათ შორის პუტინის დაკავების განკარგულებას და აცხადებს:

ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვიდრე სამართლებრივი. თეორიულად, არსებობს პატარა შანსი, თუ პუტინი ჩავიდა იმ 123 ქვეყანაში, რომელთაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ რომის სტატუტთან მიერთება, დააპატიმრონ. აგვისტოში არის „ბრიქსის“ სამიტი, რომელიც სამხრეთ აფრიკიაში, ქალაქ დურბინში უნდა გაიმართოს.„ბრიქსის“ წევრები არიან რუსეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია და ინდოეთი. სამხრეთ აფრიკა რომის სტატუტის წევრია, მაგრამ გამოვიდა მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომდგენელი და განაცხადა, რომ ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს, რომ გამოვნახოთ სამართლებრივი გზა, როგორ ჩამოვიდეს დურბინში ვლადიმერ პუტინიო. გამოდის, არ აპირებენ სამხრეთ ამერიკაში მის დაჭერას. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განაცხადა, რომ პუტინს შეუძლია ჩასვლა უნგრეთში, მას ხელს არ ახლებენ. ჯერჯერობით, ამ ორი ქვეყნის გარდა, რომის სტატუსის წევრ ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ჩავა – ევროკავშირის ქვეყნებში უნგრეთის გარდა, კანადაში, ავსტრალიაში, სამხრეთ კორეაში. ამერიკა არ არის რომის სტაუტის წევრი, მაგრამ ამერიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პუტინი თუ ჩავა ამერიკაში, დააპატიმრებენ. ჩინეთს არ აქვს ხელმოწერილი და ჩინეთში შეიძლება ჩავიდეს. ყველაზე კატეგორიული გერმანიის მთავრობა იყო, რომელიც პირველი გამოეხმაურა ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, ჩვენს ქვეყანაში თუ ჩამოვიდა, დავაპატიმრებთ პუტინსო. ამის მერე გერმანული გაზეთები და ონლაინ–მედია წერს, მთავრობამ ეს იმიტომ განაცხადა, რომ პუტინმა გერმანიაში ჩასვლა მართლა არ გადაწყვიტოს, მაშინ ან ვერ დააპატიმრებენ და თუ დააპატიმრეს, პუტინს დასაკარგი აღარაფერი ექნება, გუდას თავს მოხსნის და დეტალურად მოყვება, მთელი 20 წლის მანძილზე როგორ ყიდულობდა გერმანელ პოლიტიკოსებს და მთავრობებსაცო. ეს მაინც უპრეცენდენტო შემთხვევაა. ჰააგის ტრიბუნალი, 1993 წლის 25 მაისს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შედეგად შეიქმნა და გაეროს დაქვემდებარებაშია. რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, თან ბირთვული სახელმწიფო. ეს რომ გაუბედეს პუტინს, უკვე ბევრს ნიშნავს. ჰააგის ტრიბუნალის სანქცია არც შეჩერებას ექვემდებარება, არც გაუქმებას, მუდმივმოქმედია და თუ ზოგს დღეს სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს სანქცია, მინდა მათ ვუთხრა, ვიდრე პუტინი ცოცხალია, მისი დაპატიმრების ორდერიც მოქმედია. კაცმა არ იცის, რუსეთში როგორ განვითარდება მოვლენები და როდის და სად აღმოჩნდებ პუტინი. ამ ეტაპზე არარეალურია მისი დაპატიმრება, ხვალ–ზეგ რა იქნება, კაცმა არ იცის. იუგოსლავიის და შემდეგ სერბეთის პრეზიდენტი, სლობოდან მილოშევიჩი დააპატიმრეს და განაჩენის გამოტანამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა ჰააგის ციხეში, თუმცა მაშინ მას ჰააგის ტრიბუნალი არ ერქვა, თუმცა, ჰააგაში იყო. საერთაშორისო ტრიბუნალი იყო ყოფილი იუგოსლავიის ომის დანაშაულებების საკითხებზე. 2010 წელს, სუდანის იმჟამად მოქმედ პრეზიდენტზე, ომარ ალ ბაშირზეც გაიცა ანალოგიური ორდერი, მაგრამ ალ ბაშირი თავუსუფლად დადიოდა არაბეთის იმ ქვეყნებშიც, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, არავინ იჭერდა. 2019 წელს ალ ბაშირი სახელმწიფო გადატრიალების გზით დაამხეს, შიდა პატიმრობაც მიუსაჯეს, მაგრამ ჰააგს არ გადასცეს. ჰააგის სასამართლოს მიერ გასამართლებული პირველი ლიდერი ჩარლზ ტეილორია – ლიბერიის ყოფილი ლიდერი. ტეილორი სიერა-ლეონეს საქმეზე შექმნილმა სპეციალურმა სასამართლომ გაასამართლა. სასამართლომ ტეილორი დამნაშავედ ცნო სამხედრო დანაშაულების ხელშოწყობასა და წახალისებაში. 2012 წლის 30 მაისს სასამართლომ ტეილორი დამნაშავედ ცნო ბრალდების 11 მუხლში და მას 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტეილორი სასჯელს ინგლისში მდებარე ციხეში იხდის. მილოშევიჩის გარდა, 6 აფრიკული ქვეყნის ყოფილი პირველი პირი გაასამართლა ჰააგის ტრიბუნალმა და პუტინისთვის რეპუტაციის დიდი შელახვაა, რომ მათთან გატოლებას უპირებენ. დიდი საგულისხმოა, რომ ჰააგის ტრიბუნალს დაუსწრებელად განაჩენი არ გამოაქვს. ჯერ უნდა დაიჭირონ, ან თვითონ გამოცხადდეს სასამართლოში, ჰააგის ციხეში უნდა ჩასვან ბრალდებული და მერე იმართება სასამართლო. პუტინის მთავარი პრობლემა ის არის, რომ უკრაინიდან ბავშვები გამტაცებელს, რასაც გენოციდის კვალიფიკაცია მიეცა, ცივილიზებული სამყარო ახლოს არ გაიკარებს. პუტინი მსოფლიო პოლიტიკის ნაძირალად იქცა. სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულს მაკრონი, შოლცი და სხვა ევროპელი ლიდერები აღარ დაუჯდებიან მოსალაპარაკებლად და არც უკრაინაში ომის თაობაზე. რუსეთის ელჩმა გაერო–ს უშიშროების საბჭოში განაცხადა, ჩვენ ამ ბავშვებს უკრაინაში უკლებლივ და უვნებლად დავაბრუნებთო. აღიარა, რომ ბავშვები მართლა ჰყავთ მოტაცებული, დაადასტურა ის, რასაც ჰააგა პუტინს აბრალებს. თუმცა, იქვე განაცხადა, უკრაინამ გარანტია უნდა მოგვცეს, რომ ეს ბავშვები უსფრთხოდ იყვნენ თავიანთ ქვეყანაშიო. გეგონება, უკრაინის ხელისუფლება უქმნის საფრთხეს უკრაინელ ბავშვებს. რუსეთი ბომბავს ქალაქებს, კორპუსებს, სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებს და ხოცავს ამ ბავშვებს, რუსი ჯარისკაცები აუპატურებენ და ხოცავენ ბავშებს და უკრაინა აქ არაფერ შუაშია. ქუჩურად რომ ვთქვათ, მსოფლიო პოლიტიკაში პუტინი იყო „კანონიერი ქურდი“ და დღეს არის „გაფუჭებული ქურდი“, რომელთანაც საქმის დაჭერა „ტეხავს“. ცივილიზებული სამყაროსთვის დღეს პუტინი პერსონა ნონ გრატაა.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share