22 აპრილი დედამიწის დღეა, სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“გამოცხადდა. ღონისძიების ორგანიზატორია ბახვი ჰესი, რომელიც უკვე მეორე წელია რაც ამ დღეს აღნიშნავს გურიაში. კონკურსის კურატორი კი, ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსი ლელა მდინარაძეა.
საკონკურსო დავალება სამი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით არის გადანაწილებული: მოცემულ თემაზე დაწყებითი კლასების I – IV, მოსწავლეებმა უნდა შექმნან ნახატი, V – VIII კლასის მოსწავლეებმა გააკეთონ აპლიკაცია / პოსტერი, უფროსკლასებელბმა IX – XII კი, დაწერონ ესსე. კონკურსის მიზანი, ერთი მხრივ, გარემოსდაცვის საკითხების მიმართ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მეორე მხრივ კი, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების წახალისებაა. ორივე სკოლა დამოუკიდებლად იღებს კონკურსში მონაწილეობას, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში კი, ჟიურის წევრები სამ გამარჯვებულს გამოავლენენ. კონკურსს სულ 18 გამარჯვებული ეყოლება. ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატს კი ყველა მოსწავლე მიიღებს.
„ 22 აპრილს მთელი მსოფილო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ დღის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბუნებრივი რესურსების დაცვის შესახებ მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებაა. ბახვი ჰესის მიერ გამოცხადებული კონკურსი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის სოციალური პროექტების დიდი ნაწილიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ვაცნობიერებთ, რომ ახალგაზრდებისთვის განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლება არსებული გამოწვევების დაძლევის საკუთესო გზაა. თითოეულ ადამიანს აქვს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. დედამიწის ბუნებრივი რესუსრების დაცვა კი ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა“- აცხადებს ლელა მდინარაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსი, ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
„გამოცხადებული კონკურსით მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი უკვე დაინტერესდა, რაც ცხადია, გვახარებს. ჩვენ სპეციალურად შევიძინეთ კონკურსის დავალების შესასრულებლად ყველა საჭირო საკანცელარიო ნივთი და გადავეცით სკოლებს. სკოლებში ასევე, გამოკრულია კონკურსის წესები. დირექტორები და მასწავლებლები, თავის მხრივ, გვეხმარებიან მოსწავლეებში ინფორმაციის გავრცელებასა და მათთვის კონკურსში მონაწილეობისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამისთვის. კონკურსს დამოუკიდებელი ჟიური ჰყავს, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულებს. მოსწავლეებს კი ვუსურვებ წარმატებას“- განაცხადა ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
სკოლების დირექტორებისთვის ნამუშევრების ჩაბარების ბოლო ვადა 2023 წლის 14 აპრილია. კონკურსის გამარჯვებულები კი, 2023 წლის აპრილის ბოლოს გამოვლინდებიან.
საპრიზო კატეგორიები პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეებისთვის განსხვავებულია.