ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების დროს სასამართლოში “ბალანსი” დაბრუნდა, რადგან მოქალაქეებიც და სახელმწიფოც თითქმის თანაბრად იგებდნენ საქმეებს. მისივე თქმით, “სამწუხაროა”, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები სანქციების ენამდე მივიდა. ამის შესახებ თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს საქართველოსა და აშშ-ს ვგულისხმობ, ეს ერთი. მეორე, იცით, რომ სასამართლო, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები, ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. მოდით, შევხედოთ, ვნახოთ ერთად: დღეს დაასანქცირეს 4 მოსამართლე, ვიზების შეზღუდვა დაუწესე მათ და ოჯახის წევრებს. რა ხდებოდა მანამდე, ნუ ჩვენი ხელისუფლების პირობები სასამართლო სისტემაში, რომელშიც ეს ადამიანები მუშაობდნენ. თუმცა ამ ოთხიდან ერთი, ბატონი ცერცვაძე საკმაოდ დიდი ხანია აღარ მუშაობს და დანარჩენი სამი მოსამართლე სხვადასხვა პოზიციაზე არიან.
რა ხდებოდა მაშინ, როცა ეს მოსამართლეები მუშაობენ სასამართლოში, რა ხდება ამ წლების განმავლობაში: ანუ, სასამართლოში და ეს არის დადასტურებული სტატისტიკა და არა ჩემი, ან ვინმეს მოსაზრება, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ როცა მოქალაქეები სახელმწიფოსთან დავობენ, აქ დაბრუნდა ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებიც და სახელმწიფოს თითქმის თანაბრად იგებდნენ საქმეებს. დაბრუნდა ბალანსი, ნიშნავს, რომ სახელმწიფო კი აღარ ჩაგრავს სასამართლოში ყოველთვის, 99% შემთხვევაში როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, არამედ არის გონივრული ბალანსი, სადაც მოქალაქეებიც ამტკიცებენ თავიანთ სიმართლეს და სახელმწიფოც. ეს აშკარაა, ამის უგულებელყოფა შეუძლებელია, ეს იცის აშშ-მაც”, – განაცხადა თალაკვაძემ.
დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ “არა უშავს”. მისი თქმით, ამ ფაქტს “როგორმე გადაიტანს”.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.
ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც – მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.