რადიკალური ოპოზიციის შიგნით რადიკალური პროცესები მიმდინარეობს – ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს სურს იყოს მეხი, ზოგს სურს გაზაფხული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე გამოეხმაურა გუშინდელ აქციას და აღნიშნა, რომ ეს ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო იყო.
„ეს აქცია ვერ შედგა, რადგან ის იყო შინაარსისგან დაცლილი, არ ჰყავდა ლიდერები, რომელსაც ენდობა საზოგადოება, ის იყო ისტორიის ან ისტორიაზე რაიმეს გადაწერის მცდელობა, რასაც საზოგადოება არ მიიღებს. საკადრისი პასუხიც ნახა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ, მათივე მხარდამჭერები არ მივიდნენ აქციაზე, ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო.
რადიკალური ოპოზიციის შიგნით ასევე, რადიკალური პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, ბრიფინგის დაწყებამდე ლიდერების დაპირისპირება და ჩხუბი ერთმანეთში, თუ ვის უნდა ბრიფინგი, ვნახეთ „ქოლგის შტაბი“, თუ რაღაც უცნაური სახელი ერქვა, სადაც ყველა ერთად შეიკრიბა, ვინც ადრე ერთმანეთს ვერ იტანდა, იმ შტაბის დაშლაც ვნახეთ და ახლაც ვნახეთ, რომ ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს სურს იყოს მეხი, ზოგს სურს იყოს გაზაფხული. ამ როლების გადანაწილებაში ისინი ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და მეტი იმედგაცრუება მოაქვთ ოპოზიციური ელექტორატისთვის.
ოპოზიციაში არსებობენ ძალები, რომლებიც დღეს შეიძლება მცირე პარტიებს წარმოადგენენ, მაგრამ ისინი რეალურად უყურებენ პროცესებს და რეალურად მონაწილეობენ საპარლამენტო პოლიტიკაში. ამიტომ 2024 წელს მოქალაქეებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა, ხმა მისცენ ისეთ პარტიებს, ვინც თავის დაპირებებს, ფუნქციებს ასრულებს და არ იქცევა ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა,“ – განაცხადა თალაკვაძემ.