შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად – მანქანის გაცვეთილი საბურავები… ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ. დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდის. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარი „ვაჟკაცობისა“ და „გულადობის“ დემონსტრირებას ახდენს.
ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული – ჭიაკოკონობა.
როგორია სინამდვილში ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?
ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.
ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი. პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით – კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით – აღესრულებოდა.
საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე – ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.
არადა, სიმანდვილეში პირიქით ხდება.
დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკები არიან. ამრიგად, ჭიაკოკონის ქრისტიანული შეფასება ერთმნიშვნელოვანია.
საოცარია – ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში თითქმის ან სრულებით ვერ ერკვევიან, სწორედ ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათს აწყობენ ჭიაკოკონობას. ისინი ვერ გეტყვიან რა არის ან როდის არის შობა, ბზობა, აღდგომა, სამაგიეროდ, კალენდარულად მოძრავი ვნების შვიდეულის ოთხშაბათი არაფრით გამორჩებათ…
ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ყოფიერების ჭაობში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით და დამთავრებული ტექნიკის მიღწევებით, ოღონდ დაივიწყოს მთავარი – ჭეშმარიტი ღმერთი.
ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას. ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი მისტერიის წინააღმდეგ – დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ბელზებელი თუ ეშმაკი ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე.
ჟურნალი „კარიბჭე“