კანადა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს და უკრაინას დამატებით დახმარებას უგზავნის

კანადამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ახალი სანქციები დააწესა და კიევს ახალი სამხედრო დახმარება აღუთქვა, – ამის შესახებ კანადისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების, ჯასტინ ტრუდოსა და დენის შმიგალის გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

კერძოდ, კანადა უკრაინას 21000 ავტომატს, 38 ტყვიამფრქვევს და 2.4 მილიონ ტყვიას გაუგზავნის, ახალი სანქციები კი რუსეთის კიდევ 14 მოქალაქესა და 34 ორგანიზაციას უწესდება.

„გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ყველაფრით, რაც საჭიროა მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა კანადის პრემიერმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

კანადა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია და 2022 წლის იანვრიდან, ფინანსური, სამხედრო, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარებაზე 8 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტი (5.94 მილიარდი აშშ დოლარი) გაიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share