“ცისფერყანწელების მსხვერპლთშეწირვა” – პაოლო იაშვილის ტრაგედია

ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ საბჭოთა კავშირში რეპრესიები არასდროს არ შეწყვეტილა: ხან მინავლდებოდა “კოცონი”, ხან კი ბობოქრობდა. თუმცა, ის “სისხლიანი კალო”, რაც ბოლშევიკ-კომუნისტებმა 1936-1938 წლებში დაატრიალეს, მათთვისაც კი შემაშფოთებელი აღმოჩნდა და 1938 წლის დეკემბერში, სტალინის ბრძანებით, რეპრესიების ალი ოდნავ მინავლდა. მანამდეც და მერეც რეპრესიები გეგმაზომიერ ხასიათს ატარებდა და საბჭოთა საზოგადოების ყველა ფენას შეეხო: სამხედრო მაღალჩინოსნებსა და გუშინდელ თავად-აზნაურებს; პარტიულ მუშაკებსა და მეცნიერებს; მწერლებსა და უპარტიოებს. ბრლდება ძირითადად ორი იყო: უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა და კონტრევოლუციონერობა (“ტროცკიზმი”). უფრო ხშირად ორივე საბედისწერო ბრალდება ერთმანეთს კვეთდა და ბრალდებული სასიკვდილოდ იყო განწირული. თუმცა, სტალინ-ეჟოვ-ბერიას ჯალათები კიდევ “უტოვებდნენ” პატიმარს სიცოცხლის გადარჩენის შანსს: თუ ის აღიარებდა დანაშაულს და ჯაშუშობაში თანამონაწილეებს დაასახელებდა. ამისთვის კი მთავარი “არგუმენტი” წამება იყო. უსასტიკესი წამების შემდეგ პატიმრები ხელს ისე აწერდნენ უკვე გამზადებულ ტექსტს, რომ წაკითხვის ძალაც არ ჰქონდათ. იქ კი ჯაშუშებად და კონტრევოლუციონერებად დასახელებული მათი მეგობრების გვარები ეწერა, რომლებიც საბჭოთა ჯალათების მორიგი მსხვერპლი უნდა გამხდარიყვნენ…

ყველაფერი კი 1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაიწყო. ოკუპანტებმა კარგად უწყოდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის სრული ანექსიისათვის კარგად გათვლილი გეგმის მიხედვით უნდა ემოქმედათ. პირველ რიგში საჭირო იყო მოსახლეობის დარწმუნება, რომ ქართველი ბოლშევიკები ქართველ მენშევიკებზე უფრო სამართლიან სოციალურ პოლიტიკას გაატარებდნენ. თან ვითომდა შენარჩუნებული იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა: ტერიტორიული საზღვრები ხელშეუხებელი დარჩებოდა, სახელმწიფო ენად კვლავ ქართული იქნებოდა, შენარჩუნდებოდა ქართული სამხედრო ნაწილები, მთავრობას თავადვე, მოსკოვის ჩაურევლად, ჩამოაყალიბებდნენ და ა.შ.

ამგვარი მისტიფიკაციისთვის რუს-ქართველ ბოლშევიკებს ქართული ინტელიგენციის (უნივერსიტეტის პროფესურის, მწერლების, პოეტების და ა.შ.) დარწმუნება-გადაბირება სჭირდებოდათ. უნდა ვაღიაროთ: მოფერებითა და დაშინებით მათ ეს შეძლეს. ოკუპანტებთან ზოგი იძულებით, ზოგი კი ნებაყოფლობით თანამშრომლობდა. მიხეილ ჯავახიშვილმა (1923 წელს) და კონსტანტინე გამსახურდიამ (1926 წელს) და კიდევ ბევრმა სხვამ, თავად გამოსცადეს საბჭოთა ციხე-საპყრობილეების კოშმარი და ფანტასმაგორია. ამის შემდეგ მათ ორად-ორი არჩევანიღა ჰქონდათ: ან ემიგრაციაში წასულიყვნენ ან დარჩენილიყვნენ საქართველოში და ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში შეფარულად თუ ღიად ეთქვათ სათქმელი. ეს იყო იძულებით არჩევანი.

მათგან განსხვავებით “ცისფერყანწელების” პირველი “ყანწები” : პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე, თავად მივიდნენ ბოლშევიკებთან და საკუთარი სამსახური შესთავაზეს. ახლა, ასი წლის შემდეგ, რა აზრი აქვს ამ ისტორიული ფაქტების დამალვას და შელამაზებას?

 

b2-1681455629.jpg
1921 წლის 25 თებერვალი, თფილისი

 

1921 წლის 25 თებერვალს “ცისფერყანწელების” ორდენის სულისჩამდგმელმა პაოლო იაშვილმა ბოლშევიკების შემოსვლას მიუძღვნა ლექსი “ახალ საქართველოს”, რომლის ერთი სტროფიც ამგვარად ჟღერს.:

“მზად არის თოფი! მზად არის ხმალი!მტრებს ჩვენ ვეყოფით მარტო კბილებით.დავაგვირგვინოთ ჩვენ მომავალი,წითელ რუსეთის დაძმობილებით”. უკვე ათწლეულებია პაოლო იაშვილის კრებულებში ეს ლექსი არ შეაქვთ და მხოლოდ საბჭოთა პერიოდის გამოცემებშია ხელმისაწვდომი. ვის ვატყუებთ? კომუნისტური რეჟიმი კარგად იყენებდა “ცისფერყანწელების” “რევოლუციურ ბუნებას” საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის. აი რას წერდა კრიტიკოსი სერგი ჭილაია (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.): “პაოლო იაშვილმა დეკანდეტური სკოლის კედლები ყველაზე ადრე გამოარღვია და საბჭოთა მწერლობის პლათფორმას მოაშურა. აქვე ისიც სათქმელია, რომ სიმბოლისტობა “ხელს არ უშლიდა” მას საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ დღესვე თეთრ ცხენზე ამხედრებული, წითელი დროშით შეხვედროდა თბილისის თავზე აღმართულ საბჭოთა რევოლუციის დროშას . . . ‘’ (სერგი ჭილაია, ოცწლეული, თბ. 1986). ვერც იმას გავექცევით, რომ უკვე 1921 წლის 1 მარტიდან პაოლო და სხვა “ყანწელები” აქტიურად თანამშრომლობენ ბოლშევიკ- ოკუპანტების “რევკომთან”. გაზეთი “კომუნისტი” 1921 წლის 6 მარტს წერდა (სტილი უცვლელია – ბ.ა.) : ” 3 მარტს დღის პირველ საათზე დანიშნული იყო ქართველ ხელოვანთა კრება. . . . რომელსაც დაესწრო შალვა ელიავა (ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე – ბ.ა.). პაოლო იაშვილმა კრებას მოახსენა, რომ საქართველოს რევკომმა სრული თანხმობა განაცხადა რათა აკაკი ხოშტარიას სახლი გადავიდეს ქართველ მწერალთა სრულ განკარგულებაში. ამხ. შ. ელიავამ აღნიშნა, რომ საქართველოს რევოლუციური კომიტეტი სრულ იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ქართველი ხელოვანი ეცდება იმუშაოს ეროვნული კულტურის ასაღორძინებლად (ფარისევლობის უმაღლესი დონეა – ბ.ა.) , რომლის განხორციელებაში დაეხმარება თვით რევკომი”. რა მიაჩნდათ ბოლშევიკებს ეროვნული კულტურის აღორძინებად? აქ შალვა ელიავასა და პაოლო იაშვილის აზრები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ პაოლოს მოვუსმინოთ. 1921 წლის 27 მარტს პაოლო იაშვილმა ერთ-ერთ ლიტერატურულ შეხვედრაზე განაცხადა: “ქართული პოეზია მთლიანად იღებს ლოზუნგს: – “ხელოვნება მასებისკენ”, ოთახიდან ქუჩებში, ამაშია მომავალი ხელოვნების უმთავრესი მიზანი”. 1924 წლის იანვრის ბოლოს ლენინის გარდაცვლებით დამწუხრებული პ. იაშვილი წერს ლექსს “ლენინ”, რომლის ერთი ამონარიდი ასე ჟღერს: “დგას პოეზია საპატიო ერთგულ დარაჯადმეექვსე ღამე! ჩანს თბილისი ვით სასაფლაო.უნდა სიჩუმე გამოცხადდეს ერთი საათითმთელ ქვეყანაზე, – მაშინ, როცა კლარა ცეტკინიმოსკოვის წითელ მოედანზე, სტალინთან ერთად,მავზოლეუმში დაასვენებს ლენინის ცხედარს. ლენინი იყო არჩევანი ქვეყნიერების . . . ამხანაგებო, ჩადგა წუთით ოქტომბრის ქარი . .” . გავიდა სულ რაღაც რვა თვე და საქართველო “აგვისტოს აჯანყებამ” შეაზანზარა. ამ, წინასწარ დამსამარცხებლად “განწირულმა სულისკვეთებამ” მტერ-მოყვარეს დაანახა, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტდა. აჯანყებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პაოლო იაშვილის ერთ-ერთი ძმაც ბოლშევიკებმა დახვრიტეს, თუმცა ამას არ შეუცვლია პაოლოს დამოკიდებულება ბოლშევიკურ რეჟიმთან. “ცისფერყანწელები” კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებას ცდილობდნენ. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ “პოლეტარული მწერლობის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პ. ჩხიკვაძემ მწერალთა სხდომაზე თქვა (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.) : “ყოფილი ყანწელები ყველგან ძვრებიან. მაგ. საიუბილეო კომისიებში, რედკოლეგიებში და სხვა. საჭიროა ჩვენ დავუპირისპიროთ მათ მოქმედების ჩვენი ორგ. მუშაობა. ჩვენ უნდა ვიყოთ დიდ ლიტერატურულ საქმეთა ინიციატორებად და არა ისინი…”.

მიუხედავად იმისა, რომ “ცისფერყანწელები” ყველანაირად ცდილობდნენ ხელისუფლების გულის მოგებას (მაგ. პაოლომ 1931 წელს დაწერა პოემა ” ბაქოელი კომუნარის ალიოშა ჯაფარიძის რევოლუციურ ცხოვრებაზე” – ს. ჭილაია. სხვა ყოფილი “ყანწელებიც” აქტიურობდნენ ), ბოლშევიკების პოლიტიკური პოლიცია (გე-პე-უ) და “პოლეტარულ მწერლთა კავშირი” (ქართველი ბოლშევიკების “ცერბერი” ლიტერატურაში) მათ მაინც არ ენდობოდა.

“ლიტერატურული თანამგზავრები” – ასე აფასებდნენ “ყანწელებს” ვითომ კრიტიკოსები, სინამდვილეში კი კომუნისტების “ლიტერატურული ქილერები”: ბ. ბუაჩიძე , პ. ქიქოძე, დ. დემეტრაძე და სხვ. პაოლო იაშვილისა და სხვა “ცისფერყანწელების” ტრაგიკულ აღსასრულზე დიდად იმოქმედა 1932 წლის შემდეგ საქართველოში დაწყებულმა სამკვდრო-სასიცოცხლო სახელისუფლებო ინტრიგებმა. სტალინის გადაწყვეტილებით 1932 წლის 17 ოქტომბერს ლავრენტი ბერია საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად “აირჩიეს”.

 

b3-1681455664.jpg
ლ. ბერია და ფ. მახარაძე ნესტორ ლაკობას დაკრძალვის ცერემონიაზე. 1936 წელი,

 

სწორედ ბერიას ხელით დაიწყო “დიდმა ბელადმა” ძველი ქართველი რევოლუციონერ-ბოლშევიკების (კახიანი, შ. ელიავა, ოქუაშვილი, ორახელაშვილი, მდივანი, ღოღობერიძე და სხვ.) განადგურება: მათ ბევრი იცოდნენ “კობას” შესახებ. ამ დიდ სიას ბერიამ საკუთარი მტერ-კონკურენტების გვარებიც (ლორთქიფანიძე, კილაძე, ტოროშელიძე, აღნიაშვილი, გ. ელიავა, ახმეტელი, ჯიქია და სხვ.) დაამატა, ერთმანეთს , როგორც ჯაშუშ-ტროცკისტები დაუკავშირა და სასჯელის ზომის დასამტკიცებლად “განწირულთა სია” მოსკოვში “დიდ ბელადს” აახლა. სტალინმაც, ცოტა ხნით ადრე ორდენებით დაჯილდოებული და მოფერებული ქართველი მწერალ-რეჟისორების დახვრეტის გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის, აუღელვებლად მოაწერა ხელი.

ამხ. ლავრენტიც უმალ ამოქმედდა. 1937 წლის მაისში საქართველოს კომუნისტური პარტიის X ყრილობაზე ბერიამ მწვავედ შეუტია მწერლებს, მათ შორის პაოლოს: “პაოლო იაშვილმა, რომელიც უკვე ასაკით ორმოცს გადაცილებულია, დროა, ჭკუა ისწავლოს. სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძისგან ჯიქიასკენ, ჯიქიასგან აღნიაშვილისკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებში”. ეს უკვე განაჩენი იყო.

ცნობილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი გერონტი ქიქოძე პაოლოს შესახებ წერდა: “ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშებით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა. 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავის ბალკონზე ჯდებოდა და სევდიანად ასცქეროდა მახათის მთის გოლგოთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებია თითქმის დამშრალი ჩანჩქერის პირას”. რევოლუცია მსხვერპლს ითხოვდა. იცოდა რა ხვედრიც ელოდა პაოლომ ვაჟკაცურად დაასწრო და 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში თავი მოიკლა.

ს. ჭილაია, რომელიც საბჭოთა ლიტერატურული კრიტიკის ოფიციალურ აზრს გამოხატავდა ამტკიცებდა: “პ. იაშვილმა თავისი საუკეთესო მხატვრული ქმნილებანი სწორედ 1930-1937 წლებში გამოაქვეყნა”. ჩემი აზრით კი “ცისფერყანწელების”, მათ შორის პაოლო იაშვილის, “პოეტური ოქროს ხანა” მაშინ დასრულდა, როდესაც მათ ბოლშევიკ-კომუნისტებთან ახლო თანამშრომლობა და “სოციალისტური რეალიზმის” ხოტბა-დიდება დაიწყეს. შესაძლოა ამ შეცდომას პაოლოც ხვდებოდა, როცა 1933 წელს ლექსი – “მეღორის ლოცვა” დაწერა:

“უფალო უსმინე შავარდენს. მის ხელით გიგზავნი ბარათს,

მიშველე ღორებში ჩავარდნილს, ღორებში დარჩენილს მარად,

როგორც რომ ბურვაკი პალოზე მინდორში ბაწარით აბია,

მარტო ვარ, უფალო, დალოცე მეღორე ცრემლების ყლაპია.

უფალო! მომეცი სამხარი ძაღლივით ამოსულს ცაზე,

და შენი პერანგი ნახმარი ჩამაცვი ცოდვიან ტანზე”.

წყარო – კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share