რა მოხდება, თუ „ოცნება” ამერიკის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ არა რომელიმე მოსამართლეს, არამედ ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებას, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამერიკის ელჩის განცხადების საპასუხოდ, სადაც კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ ოთხი სანქცირებული მოსამართლის დაცვა არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ.

ამასთან ელჩმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაუჭირა მხარი.

რა მოხდება თუ „ქართული ოცნება” არ გაითვალისწინებს ამერიკის ელჩის რეკომენდაციას, გაუარესდება თუ არა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, და როგორ აისახება ეს საქართველოზე, ამ კითხვით „რეზონანსმა” ანალიტიკოსებს მიმართა.

სარჯველაძის თქმით, დასანანია, თუ მმართველი გუნდის პოზიცია აშშ-ს ელჩმა არასწორად გაიგო. „დასანანია, თუკი არასწორად იყო გაგებული ჩვენი პოზიცია ელჩის მიერ, მაგრამ შევეცდები ეს ყველაფერი ავხსნა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ არა რომელიმე ცალკე აღებულ მოსამართლეს, არამედ ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებას.

„სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემა სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა უპირველესად პოლიტიკოსების თავშეკავებულობას, რომ მათ არ აიღონ საკუთარ თავზე სასამართლოსთან მიმართებით იმაზე მეტის უფლება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია იძლევა. პირადად ვთვლი, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კონკრეტულ პირთა ავკარგიანობის სამართლებრივი შეფასება და ამაზე რეაგირება, რაც არის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია, ძირს გამოუთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. სამომავლოდ შეიქმნება ძალიან მანკიერი პრეცედენტი, სასამართლოს ხელისუფლების და თითოეული მოსამართლის თავზე ჩამოკიდებული იქნება დამოკლეს მახვილი. ეს არ იქნება კარგი სასამართლო ხელისუფლებისთვის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

მანამდე, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განუცხადა: „ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს სასამართლოს სისტემაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში.”

დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ „ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ”.

პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან” ამბობს, რომ თუ ამერიკის რჩევებს გავითვალისწინებთ თუ არა, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, თუმცა იგნორირება უარყფითად აისახება ჩვენს სამოკავშირეო პოლიტიკაზე.

„სიტუაცია ძალიან მარტივია, რასაც გვეუბნებიან პარტნიორები, გვეუბნებიან ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებაა, გავითვალისწინებთ თუ არ გავითვალისწინებთ. საკუთარი დათქმები ჩვენს პარტნიორებს უკვე გაკეთებული აქვთ და ეს მივიდა იქამდე, რომ ოთხ ადამიანს აუკრძალეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. ანუ, ისინი თავის მხრივ აკეთებენ დასკვნებს და დგამენ ნაბიჯებს. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ არსებობს პრობლემა და ვიფიქროთ პრობლემის გამოსწორებაზე, ან ხელისუფლებას შეუძლია ჯიუტად ამტკიცოს, რომ არანაირი პრობლემა არა აქვს და პრობლემა კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს. აი, ეს არის მოცემულობა.

„ასე რომ, აქ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ რიტორიკას, აქ არის მოქმედებების და რეალური ნაბიჯების დრო. ან ატარებ რეფორმებს და შესაბამისად მომავალში აღარ დგები იმ მოცემულობის წინაშე, რომ სტრატეგიული პარტნიორი გიწესებს სანქციებს ან ისევ აგრძელებ იმ გზაზე სიარულს , რაც იცი, რომ არასწორია, მაგრამ მაინც მიდიხარ, და შესაბამისად საკუთარ თავს აზიანებ. ამერიკას ჩვენ ვერც ვერაფერს მოვუმატებთ და ვერც ვერაფერს დავაკლებთ, სასამართლო რეფორმის განხორციელებით ან არ განხორციელებით. ეს საჭიროა საქართველოსთვის იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ იმუშაოს და იფუნქციონიროს გამართულად და აქ იყოს გამართული დემოკრატიული სახელმწიფო.

„როდესაც პარტნიორი სახელმწიფო გიწესებს სანქციებს, ეს მიანიშნებს ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაუარესებაზე. თუ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაუარესებთ ამ ურთიერთობებს, თავისთავად ცხადია, რომ ამით საქართველო დაზარალდება,” – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პოლიტოლოგი გია აბაშიძე „რეზონანსს” ეუბნება, რომ კელი დეგნანის განცხადებები არის ერთი მიკერძოებული დიპლომატის პოზიცია და ეს ვერანაირად ვერ აისახება საქართველო- ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც დიდი ხანია ჩამოყალიბდა.

„უცხოეთის ნებისმიერი საელჩოს რეკომენდაციებს აქვს რეკომენდაციების ხასიათი და არა ინსტრუქცია-მითითების. რატომღაც კელი დეგნანი თავისი ელჩობის ვადის დასასრულს ძალიან მიეჩვია, რომ ჩაერიოს სუვერენული საქართველოს ისეთ სფეროებში, სადაც არცერთი უცხოელი დიპლომატის კომპეტენცია არ არის საჭირო და კატეგორიულად მიუღებელია.

„მისი რომელი ერთი განცხადება ჩამოვთვალო, გინდ კეზერაშვილზე, გინდ სააკაშვილზე, რომელზეც თქვა რომ მისი უდანაშაულობა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ ცალკეული დიპლომატები თუ მათი კურატორები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ვერ შეაფერხებენ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც მრავალი წელია ჩამოყალიბდა. საქართველო არის ამერიკის ძალიან საიმედო დასაყრდენი რეგიონში, ეს არაერთხელ დამტკიცდა. რადიკალური ოპოზიციის გზავნილების რეტრანსლაცია ამერიკის ელჩის მიერ ძალიან მიუღებელია, იყო, არის და იქნება.

„თუ ამერიკის მხარე კიდევ გააგრძელებს ამ უაზრო სავიზო სანქცირებას, თავად მიიღებენ თვითდაზიანებას ქართველ ერში, ვიდრე სახელმწიფოთა შორის დაზიანებას. ეს კარგად უნდა გააცნობიერონ ამერიკელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა, და შეწყვიტონ ის თავხედური ჩარევა გინდ საქართველოს პარლამენტის მუშაობაში, გინდ საქართველოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში,” – განაცხადა გია აბაშიძემ.

შეგახსენებთ, კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა უკვე მესამედ, ხუთშაბათს ვერ შედგა. კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს და რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლიდა რეგისტრაციას.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share