2021 წელს სავალდებულო ტექნიკური ისნპექტირება მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 57%-მა გაიარა – ამის შესახებ, ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დარჩენილი 43%, ანუ 600 000 ავტომობილი სავარაუდოდ, გზებზე ისე გადაადგილდება, რომ ინსპექტირება გავლილი არ აქვს.
„2021 წელს რეგისტრირებული ავტომობილების 57% მივიდა ტექინსპექტირებაზე. ეს ყველაფერი ციფრებში რომ ავსახოთ ნიშნავს, 1.3 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, რომელსაც აქტიურის სტატუსი აქვს, მხოლოდ 715 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა რეგისტრაცია. აღნიშნული 57%-დან, რომელიც ინსპექტირებაზე გამოცხადდა 30% დახარვეზდა.
რაც შეეხება დარჩენილ 43%-ს, იქ 600 000 მანქანა რჩება ისე, რომ წელს არ გადის სავალდებულო ტექინსპექტირებას. აქ ორი მხარეა – შესაძლოა, რეგისტრირებულია და არ დადის, რაც ნაკლებ სავარაუდოა, ან მეორეა, მოძრაობს, თუმცა არ ხდება ადმინისტრირება. უბრალოდ, იხდიან ჯარიმებს და აგრძელებენ გადაადგილებას“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, 2019 წელის შემდეგ ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა შემცირდა, რაც დიდი ალბათობით სწორედ პანდემიიდან გამომდინარეობს.
„პრობლემაა, როცა გზებზე გადაადგილდება ავტომობილი, რომელსაც არ აქვს ტექდათვალიერება გავლილი და მაინც არ ჯარიმდება. აღსრულების მექანიზმშია პრობლემა – ზოგჯერ ჯარიმდებიან მოქალაქეები და ზოგჯერ არ ჯარიმდებიან.
ამ ტენდენციის შემობრუნების ერთადერთი გზა ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებაა. ადმინისტრირება უნდა ხორციელდებოდეს ჭკვიანი კამერებით, რომელიც რიგ შემთხვევებში ხარვეზებით მუშაობს, ან შეიძლება გამორთული იყოს არჩევნების წინ ან სხვა ნებისმიერ დროს, როცა ხელისუფლებას არ სურს მოსახლეობის განაწყენება“, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა მედიაცენტ ,,მთავარის“ პრესკლუბში.