ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრი შტატებს „შავი სოკოს“ ეპიდემიის გამოცხადებისკენ მოუწოდებს
ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლავ აგარვალმა ქვეყნის 29 შტატს „შავი სოკოს“ ეპიდემიის გამოცხადებისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით სამინისტრო უფრო ყურადღებით შეძლებს დააკვირდეს რა ხდება თითოეულ შტატში „შავი სოკოს“ გავრცელების კუთხით და მკურნალობის ინტეგრაციის უკეთესი საშუალება ექნება.
ინდოეთში ბოლო თვეების განმავლობაში ინდოეთში კოვიდგადატანილ ან მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებში მუკოროზის, ანუ „შავი სოკოს“, ათასობით შემთხვევა გამოვლინდა.
ექიმები ვარაუდობენ, რომ დაავადების გავრცელება, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ია, იმ სტეროიდებთან არის დაკავშირებული, რომლითაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ.
ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი ქვეყნის მასშტაბით. გასულ კვირაში, მაჰარაშტრას ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შტატში „შავი სოკოს“ ინფექციის 1 500 შემთხვევა იყო დადასტურებული.
მუკოროზი იშვიათი ინფექციაა, რომელიც თავის ტვინსა და ფილტვებს აზიანებს და სიცოცხლისთვის საშიშია. ის განსაკუთრებით სახიფათოა დიაბეტით, კიბოთი, ან აივ / შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის.