“გურია – ცხრაჯერ კოცნა “ცხრამარტობას”…ძველად ხალხში გავრცელებული იყო ე.წ. ცხრაობით თვლის სისტემა”-კახა ჩავლეშვილი

გურია – ცხრაჯერ კოცნა “ცხრამარტობას”
*
ძველად ყველა ხალხში გავრცელებული იყო ე.წ. ცხრაობით თვლის სისტემა. სათვალავის ამ სისტემას ხალხი ხმარობდა, როგორც სიტყვიერებაში აგრეთვე პრაქტიკულ ცხოვრებაშიაც (ვაჭრობა აღებ-მიცემობაში).
ძველად ეს სისტემა ყველა კულტურულ ხალხსა ჰქონია. ამ სათვალავს საქართველოში ოფიციალურად უარსებია მე-18 საუკუნემდე, მე-18 საუკუნეში საქართველოში ევროპიდან რუსეთის გზით შემოსულია ე.წ. დიუჟინი და იგი იჭერს „ცხრის“ ალაგს.
გურიის მასალები:
„იგი კაცი რა კაცია ცხრაი ხელი, რომ აცვია?“ (სიმინდის ტარო)
„პეტრე არის დიდებული ჩიჩვირჩამოკიდებული. ცხრაი კეცი ჭადი უნდა ერთქამეთზე მიდებული“
„რა-თა-თა-რი, რა-თა-თა-რი. ერთი გურჯი ცხრა თათარი.“
გურიაში ისმის ასეთი გამოთქმები: „ცხრარჯულე“=უნდო, მატყუარა; „ცხრაჯელ მონათლული“=მეტად სათნო და პატიოსანი. საბედითო ამბის ან სიტყვის გაგონებაზე იტყვიან: „ჯვარი აქოურობას!.. აქანე ყორიფელი კაი!.. ცხრა ფთას იქეთ!.. ოქროს საყვირი!“
იქვე ჯანჯუხას ცხრაობით ჰკრავენ და ითვლიან: „წროულს დავაკეთე ხუთი ცხრა წიწიპოის ჯანჯუხა, შვიდი ცხრა ნიგვზის ჯანჯუხა, ექვსი ცხრა – თხილის, რვაი ცხრა – ვაშლის, ათი ცხრა – სხალის.“ „ჩემს სიძეს სამი ცხრა ჯანჯუხა მივართვი“. „ნათლულმა ოთხი ცხრა ჯანჯუხა მიფეშქაშაო.“
გურიაში იციან „ცხრამარტობა“. ცხრამარტობას გაუშვებენ ცხენს ნედლ ბალახზე და დააბამენ ხმელზე მხოლოდ ნოემბერში. ასე, რომ, ნედლი ბალახი უწევს ცხრა თვის განმავლობაში.
ცხრამარტობას გურულის აზრით კაცმა უნდა ცხრა დარგოს, ცხრა დამყნოს, ცხრა დაამაგინოს, ცხრა გადახტეს, ცხრა დალიოს, ცხრა შესჭამოს, თუ შეყვარებულია – ცხრა აკოცოს.
იქვე არის გადმოცემა: „ცხრაამრტობას ცხრამტკაველი თოვლი მოვიდა. დილას შიგ ჭოკი დაარჭვეს და საღამოს წაიქცაო.“
*
ფრაგმენტი (სათაურის გარეშე) გ. ლომთათიძის ნაშრომიდან „ცხრაობითი თვლა და მისი წარმომშობი საფუძველი“ წაკითხულია მოხსენებად საისტორიო და საეთნოგრაფიოსაზოგადოების სხდომაზე 01.02.1929 წელს.
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share