სიმინდის არაყი გურიიდან ღერღილითა და საფუარით

სიმინდის არაყი გურიიდან

– გურიაში მე-19 საუკუნის ბოლოს საკმაოდ ფართო ხასიათი მიიღო არაყის წარმოებამ, კონსტანტინე გვარამაძის მიხედვით 1901 წელს გურიიდან გასაყიდად 60 000 მანეთის ღირებულების არაყი გაიტანეს. თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ერთი ლიტრი არაყი 30-40 კაპიკი ღირდა, ამ წელს გურიიდან თითქმის 200 000 ლიტრი არაყი გაიტანეს, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდი ოდენობაა. რამდენიმე წელში კი გურიაში არყის სახდელი ქარხნების რიცხვმა ორასს გადააჭარბა.

იმ დროისათვის გურიაში არყის დასამზადებელი ნედელეული ძირითადი სიმინდი გახლდათ, პირველი დიდი არყის ქარხნები კი მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დვაბზუსა და ოზურგეთში ალექსანდრე თუმანიშვილს გაუმართავს. ზაქარია ჭიჭინაძე (1905 წელი) წერდა – „გურიაში ძველადგან უმეტესად სიმინდის არყის ხდას მისდევდენ. თვითქოს ჭაჭის ხმარება და მის არყის გამოხდა მათ არ სცოდნიათ. ოზურგეთს და დუაბზუს პირველად კარგი არყის დიდი ქარხანა გაუხსნია ალექსანდრე თუმანიშვილს და ამ ქარხნის საშუალებით უფრო საფუძველიანათ მოფენილა გურიაში არყის ხდის ხელოსნობა ხელოვნურად“.

სიმინდის არაყს მოსახლეობაც ხდიდა, დაძველებულ სიმინდს ღერღილად დაფქვავდნენ, შემდეგ ბუნებრივი საფუარით გამოსახდელად მოამზადებენენ და ჩვეულებრივ გამოხდინენ.

სიმინდიდან არაყი უფრო მეტი გამოდიოდა და უფრო კარგი ხარისხისა იყო ვიდრე ჭაჭის ან ხილისაგან გამოხდილი.

სახლის პირობებში კუსტარული ტექნოლოგიის გამოყენებით გლეხები შვიდი კილოგრამი სიმინდიდან ერთი ლიტრ არაყს ღებულობდნენ.

მოკლედ, რომ ვთქვათ გურული სიმინდის არაყის ტექნოლოგია დაახლოებით იგევე გახლდათ როგორიც ამერიკული „ბურბონისა“, რომლის მასალის 50%-ზე მეტი სიმინდისაგან მზადდება.

მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share