“პრეზიდენტის გადასაწყვეტია“ – ევროკავშირის ელჩი ნიკა გვარამიას შეწყალებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს. მისი თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მედიის თავისუფლების დაცვაა.

ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ნიკა გვარამიასა და სხვა საქმეებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან.

“პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას. ყველამ ვიცით, რომ პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი არის მედიის თავისუფლების დაცვა, რადგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ჩვენ ვაკვირდებით ამ და სხვა საქმეებს ძალიან დიდი ყურადღებით. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებს.

მოსამართლეების პროფესიონალიზმი და სრული დამოუკიდებლობა, ასევე ჯანსაღი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ასევე არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. ჩვენ ვმუშაობთ ქართულ მხარესთან ერთად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, რათა გატარდეს საჭირო რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში. პროგრესი შეფასებული იქნება ევროკომისიის მოხსენებაში ამ წლის ბოლოს”, – თქვა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ახალი ელჩი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share