ხელისუფლება გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემის მიმართულებით – ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით ქართულმა ოცნებამ დღეს კრემლის ლიდერისგან სამადლობელო ჟესტი მიიღო.

დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით, ხოლო რუსეთის ნაცისტური რეჟიმი, ფაქტობრივად, მარტოა დარჩენილი.

დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას საკუთარი თავი და განდევნოს ოკუპანტი საკუთარი მიწიდან. ის, რომ უკრაინა დაიცავს თავს, ის რომ რუსეთი დამარცხდება, ის რომ მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება, უკვე გარდაუვალ მოვლენებად იქცნენ. სწორედ ამისთვის იბრძვის გმირი უკრაინელი ხალხი და ამისთვის მუშაობს მთელი დასავლური სამყარო.

ტრაგიკული რეალობაა, რომ ამ დროს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის ევროპას და უკრაინას, პარალელურად კი კრემლის პროპაგანდისტების მუდმივ ქებას იმსახურებს. ოცნებამ დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი – უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით”, – ამბობენ პარტიაში.

ამასთან, ენმ-ში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის ნებას, აუცილებლად გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემისა და ჩაძირული ქვეყნის მიმართულებით.

“ფაქტია, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მუშაობს არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ტურისტულად, კულტურულად თუ სატრანსპორტო თვალსაზრისით, საქართველო მოექცეს რუსულ სივრცეში.

ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის ნებას, აუცილებლად გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემისა და ჩაძირული ქვეყნის მიმართულებით.

სამართალი აუცილებლად დადგება, სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს, აღარ დარჩება დასამალი სივრცე და ყველას მოუწევს საკუთარი ბოროტების გამო თავისუფალი ერებისა და სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხის გაცემა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share