გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, საქართველოში 15 მაისიდან შედარებით გამოიდარებს, ხოლო 16 მაისიდან ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე მოიმატებს. ამის შესახებ ნიორაძემ Ambebi.ge-ს ესაუბრა.
„ბოლო ორი დღეა საქართველოში საკმაოდ გრილი, ნოტიო და ნალექიანი ამინდი ფიქსირდება. 13 მაისს თითქმის ერთნაირი ამინდი იყო, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში – წვიმდა, მაღალ მთაში ზოგან მოთოვა კიდეც, დაბალი იყო ტემპერატურაც.
14 მაისს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს – აქ ნალექი ზოგან შეწყდება, დღის ბოლოს გაძლიერდება ქარი.15 მაისიდან შედარებით გამოიდარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ჯერჯერობით გრილი ამინდები დაფიქსირდება. ტემპერატურა 13-18 გრადუსის ფარგლებში იქნება. ნალექი მხოლოდ ცალკეულ რაიონებში შენარჩუნდება.
16 მაისიდან ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. ტემპერატურა მოიმატებს 20-25 გრადუსამდე, მაგრამ თბილი ამინდების ფონზე, ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
შესაბამისად, ისეთი ცივი ამინდები, როგორიც ბოლო დღეებში ვიხილეთ, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ იქნება”, – ამბობს სვეტლანა ნიორაძე.