„ამ ეტაპზე, რუსეთი საქართველოს დაპყრობით არ ემუქრება. ნაწილობრივ იმიტომ, რომ უკრაინაშია ომში ჩაბმული და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ეს აღარ სჭირდება – ძალიანაც კმაყოფილია იმით, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, რომ საქართველო აღარ ცდილობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას”, – ეუბნება ამერიკული “ჯეიმსტაუნის” ფონდის ექსპერტი ვლად სოკორი რადიო თავისუფლებას.
ვლადიმირ სოკორი: სავიზო რეჟიმის გაუქმებასხვა არაფერია, თუ არა ქართველი ერისთვის შეძლეული ქრთამი – ქრთამი, რომლის მიზანიცაა, ერთი მხრივ, განხეთქილების დათესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მეორე მხრივ კი, საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასვლა. აბა, რად გინდათ ევროკავშირი? აგერ არიან ჩვენი, რუსი ტურისტები, ჩამოვლენ, ფულს დახარჯავენ… მთავარი გზავნილი ესაა. უნდა ველოდოთ რუსი ტურისტების მოზღვავებას საქართველოში, რაც კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას ამა თუ იმ მოცემულ მომენტში საქართველოს ტერიტორიაზე. პატარა ქვეყნის კვალობაზე, უკვე ისედაც ძალიან ბევრი რუსია საქართველოში. რა თქმა უნდა, მათ შორის იქნებიან ფსბ-ს ჩანერგილი აგენტები – ზოგი ლტოლვილად მოგაჩვენებთ თავს, ზოგი კი გეტყვით, რომ ბიზნესმენია. გაიზრდება კორუფციული გარიგებები, არალეგალური ბიზნესი, კონტრაბანდა. საქართველოს სამთავრობო წრეებში მოტრიალე ფიგურებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რუსეთზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით იხეირონ. მოკლედ, ძნელია ამაში რაიმე კარგის დანახვა.
დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალური აღდგენა იმის ნიშანი იქნებოდა, რომ საქართველოს მთავრობა შეეგუა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოოდ და უკანმოუბრუნებლად დაკარგვას. დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა 2008 წელს, როდესაც რუსეთი ღიად შემოიჭრა საქართველოში, რასაც მოჰყვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია – ახლა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველო ბედს შეურიგდა, ხელი ჩაიქნია და ამბობს: მოდით, ახალი თავი დავწეროთ – ისევ ვიმეგობროთ კრემლთან.
ამ ეტაპზე, რუსეთი საქართველოს დაპყრობით არ ემუქრება. ნაწილობრივ, ეს იმიტომ არ ძალუძს, რომ უკრაინაშია ომში ჩაბმული და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ეს აღარ სჭირდება – ძალიანაც კმაყოფილია იმით, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, რომ საქართველო აღარ ცდილობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას.
რუსეთი კმაყოფილია იმით, რომ საქართველო ნაცრისფერ ზონად აქცია. მიუხედავად იმისა, თუ რას გვიმტკიცებენ დღეს დასავლეთში, რუსეთი არ აპირებს საბჭოთა კავშირის აღდგენას, მის გეგმებში არ შედის საქართველოს ე.წ. დიად რუსეთში შთანთქმა. რუსეთს სურს, საქართველო იყოს ნაცრისფერი ზონა დასავლეთსა და რუსეთს შორის – ზონა, რომელიც იქნება ღარიბი, კორუმპირებული, დაუცველი და მოწყვლადი რუსეთის აგრესიისა და მანიპულაციების წინაშე. რუსეთს სურს, სიტყვა ეთქმოდეს საქართველოს მართვაში. ახლანდელი სიტუაციით რუსეთი სავსებით კმაყოფილია, ეს მათ აწყობთ. რუსეთს სურს, საქართველო იყოს სამხედრო თვალსაზრისით ყოვლად დაუცველი, განიარაღებული. მერე მთავრობა იტყვის – თუ მათ ჭკუაზე არ ვივლით, თუ რუსეთის მოთხოვნები არ დავაკმაყოფილეთ, რუსეთი დაგვემუქრება, ჩვენ კი დაუცველები ვართ – რა თქმა უნდა, დაუცველები ხართ: როცა არც საჰაერო თავდაცვა გაქვს, არც არტილერია, არც ჯავშანტექნიკა – რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის დაცვას ვერ შეძლებ. 2008 წლიდან მოყოლებული, საქართველო, პრაქტიკულად, სამხედრო ვაკუუმშია. ამას, რა თქმა უნდა, ხედავს რუსეთი და გემუქრებათ. მთავრობა ამით უბედური სულაც არ გახლავთ – პირიქით, ბედნიერები არიან ამით, რადგან ახლა შეუძლიათ, თქვან: სუსტები ვართ, მოწყვლადები, ამიტომ რუსეთი არ უნდა გავაბრაზოთ. ასე რომ, ამ მთავრობის ინტერესებში არ შედის, საქართველოს თავისი თავის დაცვა შეეძლოს. მათ სურთ საქართველო მოწყვლადი დარჩეს, რითაც გაამართლებენ საკუთარ ქმედებებს, როგორიცაა ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმა.
რადიო თავისუფლება