“მის ადგილზე შემრცხვებოდა! ბოლომდე კაცურად მოვიხდიდი სასჯელს”, ”შეურაცხყოფა ისაა, მის ბანერზე თავგაჩეჩილი კაცის ფოტო რომ დაბეჭდეს”

ხელოვანების წარმომადგენელების აზრთა სხვადასხვაობა ნიკა გვარამიას შესახებ”

“შეიძლება პარტიასთან შეხება არც ჰქონდეს, მაგრამ მენტალობით “ქოცი” იყოს. ყველაფერზე წავა, ოღონდ ფული ჰქონდეს და დღევანდელ კვერცხს ხვალინდელ ქათამს ამჯობინებს, ოღონდ, კვერცხი დიდი უნდა იყოს…”

“რეალურად პრეზიდენტი ისე მოვიდა, ბანერზე სხვისი ფოტოები იყო, კობახიძის დიდი ფოტო და პატარა ასოებით ქვეშ სადღაც ეწერა – სალომე ზურაბიშვილი… ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქვეყანაზე რაღა უნდა იყოს?! რა ნიკას გინება?! ამაზე დიდი დედის გინება და შეურაცხყოფა არ გამიგონია, ბანერზე შენი სახელი და გვარი თითქმის არ ჩანს და ზედ ვიღაც თავგაჩეჩილი კაცის ფოტოა!” – ამბობს მხატვარი გია ბუღაძე სალომე ზურაბიშვილის შესახებ…

არანაკლებად რადიკალურები არიან სხვა ცნობილი სახეები, რომლებმაც თავიანთი მოსაზრება “კვირის პალიტრას” გაუზიარეს…

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის 16 მაისს დააკავეს. მას სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს ნიკა გვარამია შეიწყალა.

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:

– ჩემი განწყობა ამ საკითხის მიმართ ძალიან იმედიანია. როგორც იქნა, სამართალმა გაიმარჯვა, რადგან ნიკა გვარამია იმდენად უსამართლოდ იჯდა, უბრალოდ, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის! კაცს, რომელსაც ბრალდება არ ჰქონდა, მომჩივანი, დაზარალებული არ ჰყავდა და ამ საქმის გამოძიებას წელიწადი და ერთი თვე მოანდომეს…

კიდევ კარგი, ევროპიდან და ამერიკიდანაც სერიოზული მითითებები იყო. ნამდვილად მიგვანიშნებდნენ, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ საერთოდ გზა გვეღობებოდა. კარგია, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა კეთილგონიერება გამოიჩინა და საბოლოო ჯამში, ეს საკითხი სასიკეთოდ გადაწყვიტა.

რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, ცალსახად ჩანს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რომლებიც ამ ყველაფრის წინააღმდეგნი არიან… უბრალოდ მიკვირს, როგორ არ იაზრებენ, რომ ეს არა მხოლოდ გვარამიას, არამედ, ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება. როგორც ჩანს, ზიზღით იმდენად არიან შეპყრობილნი, რომ აბსოლუტურად ვეღარ აცნობიერებენ, რას ჩადიან…

– ძალიან ბევრმა გააზიარა ის ვიდეო, სადაც ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა…

– ყველაფერი გასაგებია და მეც იმ ადამიანებს აბსოლუტურად ვეთანხმები, ვინც გაღიზიანდა და სრულიად სამართლიანადაც! არ შეიძლება, რასაკვირველია, ქალის მისამართით ასეთი რამ, მაგრამ ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ მომხრეებისგან იმით განსხვავდება, რომ ბოდიშის მოხდა შეუძლია… მან გუშინვე, პირველ რიგში, როგორც ქალს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა. ამიტომაც ძალიან დიდ პატივს ვცემ!

– ეთანხმებით ნიკა გვარამიას – სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოსო…

– რასაკვირველია, ვეთანხმები… უპირველესად იმას ვეთანხმები, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი ამ მდგომარეობაში იყო. როგორიც არ უნდა იყოს იგი, დაუშვებელია მსოფლიოს თვალწინ გაამასხარაო და ასეთი დამოკიდებულება გამოავლინო!

რაც შეეხება გათავისუფლებას, ეს ბევრისთვის სადაო საკითხია. თუ ოდესმე სამართლიანი სასამართლო გვექნება, ალბათ თავის სიტყვას იტყვის! დღეს ნამდვილად გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ და ძალიან მინდა სამართლიანად მოხდეს განხილვა ბევრისთვის მიუღებელი ნაბიჯებისა, რაც სააკაშვილმა გადადგა… ოღონდ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ იყოს! გაიგოს ხალხმა ბოლოს და ბოლოს, მართლა დამნაშავეა, თუ – არა!

როდესაც ნიკა გვარამიაზე ვსაუბრობთ და ვამბობ, რომ უსამართლოდ იჯდა, უნდა იცოდეს იმ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც დღეს თავის მოწინააღმდეგედ მთვლის, რომ ასე უსამართლოდ ვინც არ უნდა მჯდარიყო, მე აუცილებლად მის დასაცავად გამოვიდოდი! აუცილებლად დავიცავდი, როგორც უსამართლობის მსხვერპლს და ჩემთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა, რა პოზიციის იქნებოდა…

გია ბუღაძე, მხატვარი:

– მაინც აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და თან, დიდი გამოცდილების… ამ ერთი ხელმოწერით მან ფაქტობრივად, მესამე კი არა, მეოთხე პუნქტიც შეასრულა. რეალურად ეტყობა, რომ მას მართლაც აქვს გარკვეული ინტერესები და არ არის გაყიდული, როგორც დანარჩენი “ქოცობა”…

“ქოცობა” ეს არ არის ჩვეულებრივი მენტალობა, ეს არის მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც ფულის გამო ყველაფერზე წავა! შეიძლება პარტიასთან შეხება არც ჰქონდეს, მაგრამ მენტალობით “ქოცი” იყოს. ყველაფერზე წავა, ოღონდ ფული ჰქონდეს და დღევანდელ კვერცხს ხვალინდელ ქათამს ამჯობინებს, ოღონდ, კვერცხი დიდი უნდა იყოს…

რაც შეეხება პრეზიდენტს, ძალიან საინტერესოა მისი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ (რომელზეც დიდი წარმოდგენის არანაირად არ ვიყავი), სწორი ნაბიჯი რომ გადადგა. აქ არანაირი ზეწოლა არ იქნებოდა, ევროპული გამოცდილება ჰქონდა და ისიც იცის, რომ გინდა-არგინდა, ისტორიაში შედიხარ!

რეალურად, ეს პრეზიდენტი ისე მოვიდა, ბანერზე სხვისი ფოტოები იყო, კობახიძის დიდი ფოტო და პატარა ასოებით ქვეშ სადღაც ეწერა – სალომე ზურაბიშვილი… ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქვეყანაზე რაღა უნდა იყოს?! რა ნიკას გინება?! ამაზე დიდი დედის გინება და შეურაცხყოფა არ გამიგონია, ბანერზე შენი სახელი და გვარი თითქმის არ ჩანს და ზედ ვიღაც თავგაჩეჩილი კაცის ფოტოა! მსგავსი რამ არც გამიგია მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში! მგონი, რაღაც წიგნებში წამიკითხავს… ქალმა ეს შეურაცხყოფა აიტანა და კიდევ რაღაზე ვლაპარაკობთ?! წარმოიდგინეთ, მე რომ ჩემი ნამუშევრები გამოვფინო და ჩემს ნაცვლად სხვისი ფოტო იყოს წარდგენილი. ანუ, იმდენად ცუდად ვხატავ, რომ სხვისი ფოტოთი წარმადგინონ…

ასე რომ, ყველამ თავის შეურაცხყოფის მასშტაბს მიხედოს! ნიკას იმდენი შეურაცხყოფა ნამდვილად არ მიუყენებია, რაც მათ და თან, ამ ადამიანმა გულწრფელად აღიარა, რომ ძალიან ნანობს, რაც ჩაიდინა… საერთოდ, ადამიანები რთული არსებები ვართ, არ ვართ მარტივები, გადავხედოთ მსოფლიო, მით უმეტეს, პოლიტიკის ისტორიას! არსებობს მუდმივი ინტერესები და არა – მუდმივი მეგობრები, სტაბილური ურთიერთობები…

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ კარგი ნაბიჯია და რეალურად, უკანდასახევი გზა მას ამ შემთხვევაში არც აქვს… მან უნდა გააგრძელოს გზა ამ მიმართულებით, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და კიდევ სხვა პოლიტპატიმრები… ის ახალგაზრდა ბიჭი და ბევრი სხვა…

პოლიტიკურ ნიადაგზე შეპყრობილი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ! კრიმინალმა შეგვჭამა, რუსები გვჭამენ, გაივსო დივერსანტებით აქაურობა, მთელი ბიზნესი გაყიდულია, და ფაქტობრივად, რუსეთის მომარაგება ხდება იარაღით და შეიარაღებით, საქართველოს დერეფნით… საკმარისზე დიდია ეს დერეფანი იმისთვის, რომ რუსეთს ეყოს. მით უმეტეს, რომ ასეთი ტერორისტული ქვეყანაა..

რეალურად, აუცილებელია ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთხელ მობილიზება! თუ ჩვენი პრეზიდენტის მიმართ რამე სახის დარტყმა იქნება, საზოგადოებამ მას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს! ნიკა თუ აგინებდა, იმიტომ, რომ ისეთები ხდებოდა… ამ კაცმაც, ამ ახალგაზრდა ადამიანმა დიდი გამოცდილება შეიძინა და მე დარწმუნებული ვარ, ციხეში მისთვის ფასეულობათა სერიოზული გადაფასება მოხდა. იმედი მაქვს, მხოლოდ კარგისკენ!

გეგე სულხანიშვილი, მსახიობი:

– სულაც არ მიხარია ვიღაც ციხეში იჯდეს, მაგრამ ჩემს აზრს მოგახსენებთ! მაგალითად, მე რომ ნიკა გვარამია ვყოფილიყავი, საერთოდ არ გამოვიდოდი, კაცურად, ბოლომდე მოვიხდიდი სასჯელს! რაც მას პრეზიდენტზე ულაპარაკია, მის ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა! ვეტყოდი, დიდი მადლობა, მაგრამ თქვენს შეწყალებას ვერ მივიღებ-მეთქი… აი, ეს არის კაცობა და რაც მან გააკეთა, მაგას ცოტა სხვაგან მივყავართ, კაცობა აღარ ჰქვია!

არ უნდა გამოსულიყო, მორჩა და გათავდა!

პოლიტიკაში საერთოდ ნუ ჩავერევით და კაცი რომ ქალს ისეთ შეურაცხყოფას მიაყენებს, მერე უნდა რცხვენოდეს! მისი ბოდიშიც არაფერს ნიშნავს!”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share