უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში, სულ მცირე, 21 000 ვაგნერელი დაიღუპა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კერძო სამხედრო დაჯგუფებამ “უზარმაზარი ზარალი” განიცადა განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მისი “ყველაზე ძლიერი” ჯგუფი იყო მობილიზებული.
“ჩვენმა ჯარებმა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში 21 000 ვაგნერელი მოკლეს”, – უთხრა ზელენსკიმ ჟურნალისტებს კიევში და აღნიშნა, რომ კიდევ 80 000 ვაგნერელი დაიჭრა.
ვაგნერის დაჯგუფება, რომელსაც პუტინის ახლო მოკავშირე, ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს, ომის დაწყების პირველი დღეებიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვის. ვაგნერის მებრძოლები განსაკუთრებით მობილიზებული არიან უკრაინის აღმოსავლეთით, ბახმუტის რეგიონში, სადაც უკვე თვეებია მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში პრიგოჟინმა არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის უწყება. 23-24 ივნისს კი პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება სამხედრო არეულობაში გადაიზარდა.
23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.
რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს – ისინი პასუხს აგებენ.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.