NATO-ს ვილნიუსის სამიტის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა, რა დროსაც საქართველოც ახსენა.
ბაიდენმა თქვა, რომ “საქართველოში, მოლდოვაში, ბელარუსში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რათა მათი ხმა იყოს გაგონილი”. მან მოუწოდა ჩამოთვლილი ქვეყნების მოსახლეობას, არ დანებდნენ და გააგრძელონ ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის.
“პუტინი კიდევ ფიქრობს, რომ აშშ-ის მოკავშირეებს შორის ერთიანობა დაიმსხვრევა. მან ვერ გაიგო, რომ ჩვენი თავისუფლება ისეთი რამაა, რომელზეც არასდროს ვიტყვით უარს. ჩვენ ასეთები ვართ და ჩვენი ძმები, ლიეტუველი ხალხი, ისინი აქტიურად უჭერდნენ უკრაინას მხარს, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრობდით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და წართმეული გქონდათ თავისუფლება, ვერ წყვეტდით თქვენ მომავალს. ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის იმ იმედის შეხსენება, რომელსაც ლიეტუვა განასახიერებს. ეს არის ის, რასაც თქვენს განასახიერებთ – იმედი. მე არ ვხუმრობ, მე ამას გულახდილად გეუბნებით. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და არასდროს უნდა დავნებდეთ და უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, ეს არის ჩვენი ცხოვრების მოწოდება. ჩვენ, ჩვენი ერთიანობა არასდროს არ დაიმსხვრევა“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, უკვე წელიწად ნახევარია, რაც რუსეთი საშინელ დანაშაულს სჩადის უკრაინაში, თუმცა ვერ გატეხა უკრაინელი ხალხი. მისი თქმით, აშშ უკან არ დაიხევს და “გვერდზე დაუდგება თავისუფლებას დღესაც, ხვალაც და რა დროც დასჭირდება ამას”.
“ჩვენ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლების მხარდაჭერით გავაკეთეთ ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით. გავძლიერდით, NATO გაძლიერდა და თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდა გაძლიერება. ჩვენ ვიდექით ერთად და ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთმა მოუყარა ძალებს თავი უკრაინის საზღვართან, თავისი მხეცური აგრესიის განსახორციელებლად. დიდი შვიდეული მუშაობდა ძალიან აქტიურად ამ მიმართულებით და უკრაინელებსაც კი არ სჯეროდათ ჩვენი დაზვერვის მონაცემებისა, რომ აგრესია შედგებოდა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა თავიდან აგვეცილებინა ეს მხეცური ომი. ჩვენ მოვუწოდეთ მსოფლიოს უკრაინელი ხალხის დახმარებისკენ, რომლებიც თავს იცავდნენ მაღალი ღირსების გრძნობით.
უკვე წელიწად ნახევარია რუსეთის ძალები საშინელ მხეცობას, კაცობრიობის წინაშე საშინელ დანაშაულს იდენენ, მაგრამ ვერ გატეხეს უკრაინელი ხალხი. უკრაინა რჩება დამოუკიდებელი, თავისუფალი და 50-ქვეყნიანი კოალიცია შექმნა აშშ-მა, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა ახლაც და მომავალშიც. ომის დაწყების შემდეგ, მე საათები გავატარე საათები პრეზიდენტ ზელენსკისთან და მას ვეუბნებოდი, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ და ამას მკაცრად ვაცხადებ, რომ ჩვენ თავისუფლებას გვერდზე დავუდგებით დღესაც, ხვალაც და რა დროც დასჭირდება ამას“, – განაცხადა ბაიდენმა.