ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით – კობახიძე დეგნანზე

”შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ძალადობა ყოფილიყო თავიდან არიდებული და შსს-ს დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა, მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობდა. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ეკუთვნით მადლობა და მე არ მგონია, რომ ეს შეფასება იყოს სწორი, რაც, ამ შემთხვევაში, კონკრეტული დიპლომატის მხრიდან გაკეთდა. რაც შეეხება თვითონ სასჯელს, ერთი რომ ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი ამაზე არ უნდა საუბრობდეს და მე შეგახსენებთ, რომ თუ საუბარია დაჭერაზე, იგი პირველ რიგში უწევთ 7-8 მარტის მოძალადეებს, ქრონოლოგიურად ასე უწევს და მერე შეიძლება დადგეს სხვისი ჯერიც, არ ვიცი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიპლომატის საქმე არ არის, დაკვეთების, შეკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით.

მადლობა ღმერთს, ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანოები, და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ამ თემებთან დაკავშირებით.” –

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მიერ პრაიდფესტის ჩაშლასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებაზე.

კელი დეგნანმა განაცხადა, რომ “სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ყურება, რომლებიც იყენებდნენ ძალადობას და ამტკიცებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ”.

დეგნანის თქმით, “თბილისში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს, თუ ამ ადამიანებს, რომლებიც [დარბევის] ვიდეოებში არიან, დააკავებენ”,

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share