“ქართული ოცნების” წარმომადგენელი, დეპუტატი ნინო წილოსანი ლევან ბერძენიშვილის მოსაზრებებს ეხმიანება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, ბერძენიშვილის აზრით, მეფე ერეკლე და თამარ მეფე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი წარუმატებელი მეფეები არიან. აღნიშნულ ვიდეოს წილოსანი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და წერს:
“ამ დღეების განმავლობაში, სულ ვფიქრობ, რა დავარქვა ამ ბოროტ დემაგოგიას.. სიღრმისეულ მსჯელობაში რომ არ შევიდე, ნათელია, რომ ყველაფერი იმის ნგრევასა და გაუფასურებას ისახავს მიზნად, რაც ქართველებს ჩვენს იდენტობაში გვაქვს – თუ გიორგი ბრწყინვალე ბრწინვალე არ არის, თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან, როგორი ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების?
რამხელა სიბოროტე და უგუნურებაა ამ ყველაფერში. ამ მავნებლობის ფონზე, ის რაღა მოსატანია, ლეკვი ლომისა სწორია-ს იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დააყენეთ, ბატონო ლევან.
დიდი იმედი მაქვს, იქ მყოფი საზოგადოება, რაღაც მომენტში მაინც მიხვდა, თუ რა სიგიჟეებს უსმენდა და რა ალაპარაკებდა აღნიშნულ პირს”, – წერს ნინო წილოსანი.
რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი?“გიორგი ბრწყინვალე, ბრწყინვალე, რომლის დროსაც დავკარგეთ ნახევარი საქართველო, თამარ მეფე – ამაზე ლაპარაკიც არ მინდა, ეს იყო კატასტროფა ჩვენს ისტორიაში – თამარის მეფობა. ის იმდენად არასწორი იყო ქრისტიანული თვალსაზრისით. შეეჯახა ერთმანეთს მეფობა და რელიგია და საქართველო დაიბნა, “ვეფხისტყაოსანში” ხომ წერია, რომ ქალი არ უნდა იყოს მეფე, ხომ წერია, რომ ტარიელი გამეფდა, ავთანდილი გამეფდა, თინათინი და ნესტანი ხომ არ გამეფებულა?!
ანუ “ვეფხისტყაოსანმა” პირდაპირ გვითხრა, სწორი რა არის და სწორი რა არ არის. დის მკვლელობა, ქაჯეთში გაგზავნა და ა.შ. სწორი რომ არ არის. ეს საქართველოს ისტორიაა. საქართველოში ხალხის საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე – ორი ყველაზე წარუმატებელი ჩვენი მეფე”, – ამბობს ბერძენიშვილი.