82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე.
ინფორმაციას თეიმურაზ გოცაძის ახლობლები ავრცელებენ.
თეიმურაზ გოცაძემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1964, აპოლონ ქუთათელაძის კლასი). 1971-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. 1983-1988 წლებში იყო თბილისის „მხატვრის სახლის“ დირექტორი, 1989-1995 წლებში – საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, 1988–2005 წლებში საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების „სურათების ეროვნული გალერეის“ გენერალური დირექტორი. 1994 წლიდან ასწავლიდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში (შემდეგ თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გოცაძის მთავარი ნამუშევრებია: „ლურჯა ცხენები“, „დაბადება“ (ორივე 1965), „ეფემერები“ (1966), „ჩემი საუკუნე“ (1980), „ჩემი თბილისი“ (1987), სერია „ქართლის ცხოვრება“ (11 სურათი, 1983), „მეტამორფოზა“ (1989), „სულიერი საქართველო“ (1991), „მოტაცებული მშვენიერება“ (1999), „საქართველო – XX საუკუნე“ (2002).
შექმნა თანამედროვეთა (ო. ჭილაძე, 1973; მ. ჯანაშია, 1975; თ. ჩხეიძე, 1985) პორტრეტები, მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა (1998), „ფიროსმანი“ (ახალგაზრდული ქალაქი, შავნაბადა, 1979), მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი (თბილისი, 1980) და სხვ. პერსონალური გამოფენები: თბილისი (1976), მოსკოვი, ნიუიორკი, სან-დიეგო (1989), თბილისი (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).