„აქამდე და ამის მერეც საქართველო იქნება უკრაინის გვერდით“ – გია ცაგარეიშვილი

”აქამდე და ამის მერეც საქართველო იქნება უკრაინის გვერდით, მიუერთდება ყველა იმ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდება და მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის წარმატებას ამ სამამულო ომში, რომელსაც აწარმოებს პუტინის რეჟიმთან და რუსულ აგრესიულ სამხედრო მანქანასთან. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ ჰააგის სისხლის საერთაშორისო ტრიბუნალში უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ, რამდენიმე ქვეყანა იყო მხარდამჭერი, ბევრმა ეს ვერ გაბედა, ჩვენ ეს გავაკეთეთ პირველ რიგში უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის, იმ გმირების სულთა მოსახსენიებლად, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას მუდმივად აქვს, მოუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ეს არაფერს ცვლის ამ მხარდაჭერაში, ვაგრძელებთ მეგობრობას, მერე რა, რომ ეს ამ ეტაპზე შეიძლება ცალმხრივად ჩანდეს. ელჩებიც დაბრუნდებიან დედაქალაქებში, ეს ურთიერთობებიც დალაგდება, რადგან ყველაფერი წარმავალია და რჩება მეგობრობა ერებს შორის.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მილოცვის მიმართვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის სახელით. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უკანა ეზო ამ ქვეყნის და ამ მთავრობის, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ქვეყნის, მათ შორის, თქვენიც. ამიტომ მისი ოფიციალური განცხადება არის საქართველოს მთავრობის განცხადება, იქნება სხვა განცხადებებიც, შესაბამისად დაელოდეთ.”

– განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share