„ნიკორას“ ქსელში ნაყიდი კატლეტებით 8 ადამიანის ინტოქსიკაციამ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. რატომ არ აკონტროლებენ პროდუქციას წინასწარ? საერთოდ არ ვართ დაცული! – წერენ სოციალურ ქსელებში.
როგორც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) წარმომადგენელი, ვახტანგ კობალაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ევროკავშირის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წლიდან, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე დაიწყო, სიტუაცია აშკარად უკეთესობისკენ იცვლება და კონტროლიც ძლიერდება, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და „თუკი მოქალაქემაც არ იაქტიურა, კულტურა თუ არ ჩამოყალიბდა, გამორიცხულია, რომ მხოლოდ სახელმწიფომ მოაგვაროს ეს პრობლემა“.
- CSRDG-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას აკლია ცოდნა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით.
- სურსათის შეძენის დროს პირველ მნიშვნელოვან კრიტერიუმად სურსათის ფასი სახელდება (30%).
- გამოკითხული რესპონდენტების 9% აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სარეალიზაციო ობიექტში შეძენილი პროდუქტით მოიწამლა თავად, ან მისი ოჯახის წევრი.
საერთო ოქროს წესია, რომ არ იყიდოთ პროდუქტი იქ, სადაც ჰიგიენური წესები თუ შენახვის პირობები ერთი შეხედვითაც კი დარღვეულია.
#შეამოწმე ვარგისიანობის ვადა
პირველი, რაც მაღაზიასა თუ სუპერმარკეტში უნდა გაკეთდეს – უნდა შემოწმდეს ვარგისიანობის ვადა. თუკი პროდუქტის ვადა გასულია, ის სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ცხოველური წარმოშობის სურსათი: ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, თევზი, კვერცხი. მაღალი რისკის შემცველია ასევე კონსერვები, ნახევარფაბრიკატები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი და შოკოლადი.
თუკი ვარგისიანობის ვადა ამოწურულია, სპეციალისტების შეფასებით, არ არის მართებული, რომ პროდუქტი რეაგირების გარეშე დააბრუნოთ თაროზე, რადგან ის შეიძლება ნაკლებად დაკვირვებულმა მომხმარებელმა შეიძინოს.
„პირველ რიგში, თავად ამ მაღაზიის პერსონალს უნდა მიმართონ; მაგრამ ეს არ არის მომხმარებლის ვალდებულება. ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ცხელ ხაზზე – 1501. სააგენტო ვალდებულია, რომ რეაგირება მოახდინოს და შედეგი აცნობოს თავად მომხმარებელს. ზარი არ უნდა იყოს ანონიმური“, – ამბობს ვახტანგ კობალაძე და ამატებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო პატრული არ არის, მაშინვე ვერ გაჩნდება ადგილზე.
- სტრატეგიული კვლევების ცენტრის კვლევამ აჩვენა, რომ 1200-ზე მეტი გამოკითხულიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის მხოლოდ 5 რესპონდენტს მიუმართავს.
- რესპონდენტებს შორის სურსათის უვნებლობის დარღვევებზე რეაგირების ყველაზე გავრცელებული ფორმებია: ადგილზე პრეტენზიის დაფიქსირება/ობიექტის ვებგვერდზე/ფეისბუკგვერდზე მიწერა – 28%.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ხშირად მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში. მათი სასარგებლო რჩევაა, რომ ვადაგასული ანდა გაფუჭებული პროდუქციის ფოტო- და ვიდეომასალა შეგროვდეს.
კვლევის მიხედვით, ათიდან ოთხი რესპონდენტი (39%) უვნებლად თვლის სურსათს, თუ შენახვის ვადა დაცულია. ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა.
#შენახვის პირობების შემოწმება
შესაძლებელია, რომ ეტიკეტის მიხედვით შენახვის ვადა არ იყოს დარღვეული, მაგრამ სურსათი მაინც არ იყოს გამოსაყენებლად ვარგისი.
გასათვალისწინებელია, რომ გაფუჭებული და შესაბამისად – ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქცია მაღალი რეპუტაციის მქონე, სანდო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებშიც შეიძლება შეგხვდეს.
უნდა შეამოწმო – არის თუ არა და მუშაობს თუ არა მაცივარი.
არის შემთხვევები, რომ ეკონომიის მიზნით, ზოგან მაცივარს ღამით გამორთავენ.
როგორ უნდა გამოვიცნოთ, ასე თუ არა ეს?
თუკი გაქვს ეჭვი, ჩაატარე ექსპერიმენტი – ვახტანგ კობალაძე ერთ ხერხს გვასწავლის: საჭიროა მისვლა დილით, ობიექტის გახსნის დროისთვის და „თუკი ღამით მაცივარი გამორთული იყო, ის სწრაფად გაცივებას ვერ მოახერხებს“.
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ არ ღირს მაღაზიიდან პროდუქციის ბრმად წამოღება – თუკი მას ვიზუალურად კარგად არ დავათვალიერებთ.
საჭიროა დაკვირვება. მაგალითად, ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი წითელი შეფერილობა, მუქი ლაქები და გარქოვანებული ნაწილები; ხოლო თევზის შემთხვევაში, ცუდი ნიშანია – თევზის მძაფრი, არაბუნებრივი სუნი, გაშავებული ლაყუჩები და დარბილებული ხორცი. მსგავსი ინფორმაცია მრავლად არის, მათ შორის – სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე.
ასეთი დარღვევებიც სურსათის ეროვნულ სააგანტოს უნდა შევატყობინოთ, ცხელ ხაზზე – 1501.
#არ უნდა დაგეზაროს
წარმოიდგინე, მიხვედი სახლში და ამის შემდეგ აღმოაჩინე, რომ ვადაგასული ან გაფუჭებული პროდუქტი გაქვს ნაყიდი.
რას გააკეთებ? პირდაპირ ურნაში ჩაუძახებ? მაღაზიაში დაბრუნდები?
სპეციალისტები შეგვახსენებენ, რომ ასეთი ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ ღირს, რადგან – შესაძლოა, დახლზე დარჩენილი იგივე პროდუქტი სხვებმაც იყიდონ და ჭამაც მოასწრონ. ამასთან, არც ფულის უკან დაბრუნება იქნებოდა ცუდი.
- სტრატეგიული კვლევების ცენტრის გამოკითხვა ადასტურებს, რომ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დარღვევების აღმოჩენის მიუხედავად, რესპონდენტების თითქმის ნახევარს – 48%-ს არ მიუღია არანაირი ზომა.
- რეაგირების დონე განსაკუთრებით დაბალია სოფლად. მიზეზი ცოდნის ნაკლებობასთან ერთად, ნიჰილიზმია – რომ სიმართლე ვერ დამტკიცდება და კიდევ, ასეთი ქცევის მიუღებლად აღქმა, სოციალურ ასპექტში.
მაგრამ ვინც მოინდომა, რესპონდენტების 23%-ის შემთხვევაში, ობიექტმა დარღვევა გამოასწორა, 20%-ს გადასცეს კომპენსაცია/შეუცვალეს პროდუქტი, ხოლო რესპონდენტების 13%-ის გამოცდილებით, ობიექტმა შესაბამისი პროდუქტი გაყიდვიდან ამოიღო.
„ეს არის რეალური ადამიანების ისტორიები [სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩარევის გარეშე]. მათ მიიღეს შედეგი. ბევრი აცნობიერებს, რომ დარღვევის დაფიქსირება მოქალაქის ვალია, მაგრამ რაღაც ბარიერი აქვთ. ზოგს პრეტენზიის თქმა “ინტრიგნობად” მიაჩნია, ზოგს ჰგონია, რომ თუ სურსათის სააგენტოში დარეკავს, სოფლიდან მოუწევს გადასახლება. ამ მიდგომებით საქმე ვერ გამოსწორდება“, – გვეუბნება კობალაძე.
#ქვითარი არ დატოვო
როდესაც მაღაზიიდან ვადაგასულ ან გაფუჭებულ სურსათს წამოიღებ, მაშინ ხვდები – როგორი დიდი შეცდომაა, როცა მოლარეს ქვითარს არ ართმევ ხოლმე.
ქვითრის გარეშე შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ეს გაფუჭებული პროდუქტი მაინცდამაინც ამ კონკრეტულ მაღაზიაშია ნაყიდი. არ არიან ვალდებული, ზეპირად დაიმახსოვრონ – ვინ რა პროდუქტი იყიდა.
შეიძლება შეგხვდეს გულისხმიერი კონსულტანტი, რომელიც შენს ქვითარს ნაგვის ურნაში დაუწყებს ძებნას, მაგრამ ასეთები ცოტანი არიან და შეიძლება ვერც იპოვოს.
ასეთ შემთხვევაში ფულს, დიდი ალბათობით, უკან ვეღარ დაიბრუნებ, მაგრამ, სპეციალისტები შეგვახსენებენ, რომ კვლავ გრჩება შესაძლებლობა – მიმართო სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ცხელ ხაზზე. ისინი ვალდებული არიან შეამოწმონ კონკრეტულ მაღაზიაში დახლზე დარჩენილი იმავე ტიპის პროდუქცია და შესაძლოა, ამით სხვისი ჯანმრთელობაც დაიცვა.
რადიო თავისუფლება