კახაბერი – ჭანური თქმულებების გმირი

“1519 წ. (ოზ. მაზ. არ. ცნ.), ბათუმის გვერდით ქართველ ჯარს, რომლებშიაც იყვნენ გურულები, ქობულეთელნი, ჩაქველნი, მარადიდელნი, აჭარელნი, მაჭახლელნი, ლიგანის ხეველნი, შავშელნი, იმერ ხეველნი, მურღულელნი, ზეგნელნი და სხვანიც მრავალნი რიცხვით 25 ათასი კაცი, რომელნიც იცავდნენ ბათუმის ციხე-სიმაგრეებს იქ იყო კახაბერიც, რომელიც ჯარს მეთაურობდა. ერთ დღეს, რაღაც შემთხვევით, ოსმალთა ურდოები გამოჩნდა ზღვაში, ნავებით. მაშინ კახაბერი წარსდგა ჯარის წინაშე და ასეთი სიტყვა უთხრა ჯარს: „ქართველებო! იცოდეთ, რომ ეს ადგილები და ქალაქი ბათუმიც ჩვენ წინაპარ ქართველებისა იყო და არა სხვების; ქართველნი ერთ მტკაველ მიწას არავის დაუთმობენ ადვილათ; თითო გოჯ მიწაში ჩვენი წინაპრებისგან თითო ჩაფი სისხლია ჩაღვრილი და ისეა იგი დაცული და შენახული“-ო.
.
მარადიდელებმა და მაჭახლელებმა შესძახეს: „კახაბერო, ბატო- ნო! დედა შეერთოს ცოლათ, ვინც ოსმალებს და ან სხვებს მტკაველ მიწას დაუთმობს. ჩვენც ისევე ვიქმთ და ჩვენს მიწის ერთ მტკაველი არავის დაუთმობთ. ჩვენ ფეხს არ მოვიცვლით, აქედამ არსად წავალთ და ჩვენს მტერს ოსმალოებს კი აქ არ შემოუშვებთ“-ო.
.
კახაბერმაც შეაქო ისინი და ადიდა მათი გმირობა. ამაზედ თქმულა: „ყველა კაცი კაციაო, კახაბერი კი სულ სხვააო“.
.
1520 (ოზ. მაზ.), ოსმალნი შემოვიდნენ კახაბერში. მაშინ კახაბერში იყო 1200 კომლი, აჭარელ ქართველთ ოჯახები, რომელ- ნიც იქ იცავდენ თავიანთ ყანებს. ოსმალებმა ეს ქართველები სას- ტიკათ დაამარცხეს. ისეთი უბედური დღე დაუდგათ აჭარლებს, რომ იქ ამათი კატა და ძაღლიც კი უპატრონოთ დარჩნენ და ქათმებიც სულ ტურებმა დაჭამეს. ასე აოხრდა კახაბერი და დაწიოკებულ იქმნა ოსმალთაგან ეს ათას ორასი ოჯახი ქართველებისა, რომლებიც სულ მოისპნენ და დაიქსაქსნენ აქეთ-იქით.
.
1521 წ. ეს ამბავი შეიტყეს გურიაში. იმ დროს გურიას განა- გებდა კახაბერ გურიელი (მეოთხე). ამან თავს იდვა ოსმალთა გაძე- ვება კახაბრიდამ. შეიყარნენ გურულები, ქობულეთელები, ჩაქველნი, მივიდნენ კახაბერში და ოსმალებს შეებნენ, რომელთაც შავი დღე დააყენეს. წართმეული საქონელი ისევ უკან დაიბრუნეს და მის მერე დიდის ზარალით გარეკეს დამარცხებული ოსმალნი კახაბრიდამ და ბათუმიდან” (ზაქარია ჭიჭინაძე).
.
P.S – უნდა აღნიშნოს, რომ ზაქარია ჭიჭნაძე ამ შემთხვევაში უთითებს, რომ ეს ცნობა ამოღებული აქვს ოზურგეთის მაზრის არქივიდან. ამავე საარქივო მასალაზე ჭიჭნაძე სხვა ნაწარმოებში („თავდგირიძეთა გვარის “ – 1895 წელი) წერს – „ეს მასალები მე მოვიპოვე ოზურგეთის სამაზრო სამართველოს ძველს არხივის ქაღალდებში, რომელ არხივის 120 ფუთი ქაღალდები ოზურგეთის ვაჭრებზე იქმნა დაყიდული. მე აქა იქ მეწვრიმლის დუქნებში შევკრიბე ესენი და „წერა-კითხვის სამართველოს“ გარდავეცი. გურიამ ამით დიდი ძალი მასალები დაკარგა და ნამეტურ გლეხკაცობამ თავის წინაპართა თავგადასავალთა მრავალ ძვირფასი ცნობები.“
.
კახაბერ გურიელს ამავე ცნობებზე დაყრდნობით არაერთხელ მოიხსენიებს ჭიჭინაძე, რა დროსაც ზოგ შემთვევაში აღნიშნავს, რომ ეს გახლდათ კახაბერ გურიელი, უნდა აღინიშნოს, რომ 1519 წელს გურიის მთავარი გახლდათ მამია I გურიელი, შესაბამისად ზაქარია ჭიჭნაძის ცნობა არასწორი უნდა იყოს (კახაბერ IV გურიელი სხვა წყაროებში არ გვხვდება), თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ 1878 წელს ბათუმში მყოფი ფრენკელი წერს – „ამ ადგილს სახელად კახაბერი დაერქვა იმიტომ რომ აქ კახაბერ გურიელი ნადირობის დროს გარეულმა ტახებმა დაგლიჯეს“. შემოქმედის გულანის მიხედვით მამია I გურიელი და არა კახაბერ გურიელი მოკლა ტახმა მოკლა ნადირობისას. ანუ მამია გურიელის და კახაბერ გურიელის ამაბვი გარკვეულწილად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, მითუმეტეს, რომ ზაქარია ჭიჭნაძე ამავე წყაროებში უთითებს სამცხის ათაბაგ ყვარყვარეს, რაც სრულიად შეესაბამება რეალობას;
.
აქვე ძალიან საინტერესოა, რომ იური სიხარულიძე კახაბერს ჭანეთის გმირად იხსენიებს – „ჭანური თქმულებები სიყვარულით მოგვითხრობენ სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებულ გმირებზეც, რომელთა შორის გამოირჩევიან პეტრე ხეცია, კახაბერი და სხვები.“
.
– ზაქარია ჭიჭნაძე – ოსმალეთის ყოფილი საქართველო და ქართველ მაჰმადიანთა ისტორიის კონსპექტი 1452-1926 წლებში (1927)
– А. Френкель – Очерки Чурук-су и Батума (1879 г.)
– იური სიხარულიძე – ჭანეთი (ლაზეთი) : საისტორიო გეოგრაფიის მასალები : წ. 1 (1977)
.
ბათუმის ციხე (თმარის ციხე) – 1889 წლის ილუსტრირებული გამოცემა (Историческій Вѣстникъ; The University of Chicago library)
შეიძლება იყოს text გამოსახულება
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share