გურიის სახალხო სასამართლოს ისტორია 1902 წლიდან აკეთში გამართული „სასამართლო პროცესით იწყება“. ეს პროცესი მასზე განხილული საქმის ხასიათიდან გამომდინარე ალბად ყველა შემდგომზე საინტერესო გახლავთ.
.
ეს ისტორია ასე იწყება: აკეთის მამასახლის პავლე თავართქილაძესთან ერთი ქვრივი ქალი მისულა, რომელსაც უთქვამს, რომ მის სახლთან ყოველ ღამით მიდიოდა ერთი კაცი, რომელიც სიყვარულს უხსნიდა და კარების გაღებას სთხოვდა, შეწუხებულმა ქვრივმა მამასახლის დახმარება სთხოვა ეს კაცი მომაშორეო. პავლეს უკითხავს – ეს კაცი თუ ძალადობსო, ქალს უთქვამს არაო მხოლოდ სასიყვარულო სიტყვებს მეუბნება და კარების გაღებას მთხოვსო. პავლეს ქვრივისათის დახმარებაზე უარი უთქვამს – „მე სიყვარულისათვის კაცს კუტუზკაში ვერ ჩავაგდებო!“
.
სწორედ ზემოხსენებული საკითხის გასარჩევად შედგა 1902 წელს აკეთის სასამართლო პროცესი, რომლის „დავის საგანი“ ასეთი იყო – შეეძლო თუ არა მამასახლის უარი ეთქვა თავისი ვალდებულების შესრულებაზე სიყვარულის მოტივით.
.
ამ შემთხვევას თავის წიგნში აღწერს გრიგოლ ურატაძე, რომლის მიხედვითაც ბრალდების „თეზა ასეთი ყოფილა – „ვალდებულებაა თუ არა სიყვარული? რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი? როდესაც მამასახლისმა სიყვარულის მოტივით უარი უთხრა საწყალ ქვრივს დახმარებაზე მან უარი თქვა თავისი ვალდებულების შესრულებაზე. შეასრულოს თავისი ვალდებულება ხალხის წინაშე – ეს უპირველესი ვალდებულებაა ყველა იმ ადამიანის ვისაც ეს ევალება. სხვა ყველაფერი უნდა დაექვემდებაროს ამ წმინდა ვალდებულებას – დაიცვა ყველა ვისაც დაცვა სჭირდება. ვალდებულება პირველ რიგში!“
.
დაცვის თეზა ასეთი იყო – „სიყვარულს ყველა თანამდებობა ემორჩილება“ აცხადებდნენ დაცველები, ამიტომაც პრიორიტეტი სიყვარულს უნდა მინიჭებოდა და არა ვალდებულების შესრულებას.“
.
ბრალდებულ პავლეს საბოლაო სიტყვა – „მთელი მსოფლიოს პოეტები ადიდებენ სიყვარულს და ვი ნვარ მე მამასახლის პავლე, რომ ჩემი მეზობელი გლეხი „კუტუზკაში“ სიყვარულისათვის ჩავსვა? აქამდე მე ჩემი მოვალეობა ასე მესმოდა, რომ დამნაშავეები უნდა დამესაჯა, რაც შეეხება სიყვარულის გამოხატვას მე ამაში ვერანაირ დანაშაულს ვერ ვხედავ და თუ კი მაინც დამსჯით ამისათვის მე ჩავთვლი, რომ თქვენ ჩემთან ერთად მთელი ქვეყნიერების პოეტები გაასამართლეთ და საკმაოდ კარგ საზოგადეობაშიც მოვხვდები.“
.
საქმეს არჩევდა ხალხის მიერ არჩეული 12 მოსამართლე რომელთაგან ნახევარი ქალები იყვნენ, სწორედ ეს იყო პირველი შემთვევა, როდესაც ქალები კაცების თანასწორებად წარმოჩნდნენ გურიის მოძრაობისას და სწორედ 1902 წლიდანვე უნდა აითვალოს ქალთა ემანსიპაციის ათვლის წერტილად.
.
მოსამართლეებმა პავლე თავართქილაძე დამნაშვედ სცნეს, ამან იქვე შეკრებილი დიდძალი ხალხის ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ თორმეტივე მოსამართლემ ადგილიდან ძვლივს გაასწრო გურულების რისხვას, რომლებიც უკვე თორმეტივე მოსამართლის გასამართლებას ითხოვდნენ.
.
ასე ვთქვათ გურიაში პირველი სახალხო სასამართლო დიდი სკანდალით დასრულდა, მაგრამ ამანაც კი გურულებს ხელი ვერ ააღებინათ სახალხო სასამართლოს ფორმირებაზე, რომელიც 1905 წლისათვის შემდეგი ფორმაციის გახლდათ:
.
ყოველ სოფელს ჰქონდა თავისი სასამართლო, თუმცა მოდავეებს შეეძლოთ სამედიატორო სასამართლოც მოეთხოვათ რა დროსაც თავადვე აირჩევდნენ მოსამართლეებს. რაც შეეხება სოფლის სახალხო სასამართლოს ორი სახის იყო:
.
– „თავი კაცები 10-15 დღით ირჩევენ სამს მოსამართლეს, რომლებიც განიხილვენ საქმეებს და თავის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას მიანდობენ“ (თავ-კაცებს საზოგადოება ირჩევდა);
– მეორე: თავი-კაცები მიიღებენ საჩივრებს, მერე ამოირჩევენ მოსამართლეების რამდენიმე ჯგუფს (თითი ჯგუფში სამი მოსამართლეა) და მათ შორის ანაწილებენ საქმეებს იმისდა მიხედვით, თუ როგორი ხასიათისაა საქმე;
.
საჩივარს სასამართლო ღებულობდა, როგორც წერილობით ისე ზეპირი სახით, იხილავდნენ როგორც სისხლის ისე სამოქალაქო საქმეებს. „მოსამართლეები მაშინვე შეუდგებიან საქმეების გარჩევას და თუ ვერ გაათავეს, გადასდებენ შემდეგი დღისათვის. როგორც კი მორჩებიან მოსამართლეები საქმეებს, თავს ანებებენ თანამდებობას.“
.
აღსრულება – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ევალებოდათ სოფლის თავ-კაცებს, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ აღსრულებასთან დაკავშირებით ანგარიში ჩაებარებინათ სასამართლოსათვის.
.
მძიმე სისხლის სამართლის საქმის წარმოებას ოზურგეთის სახალხო სასამართლო ახორციელებდა. ასეთ დროს პროცედურა იწყებოდა სოფლების საზოგადოებებიდან მსაჯულების (მოსამართლეების) არჩევით.
.
საგამოძიებო კომისია – დანაშაულის გამოძიების მიზნით იქმნებოდა ხალხის მიერ არჩეული “კომისია”, რომლის წევრები ანუ გამოძიებელები იძიებდნენ საქმეს, აკავებდნენ და სასამართლოს წარუდგენდნენ ეჭვმიტანილებს (ნიკო მარი)
.
კასაცია – შესაძლებელი იყო სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს როლს ასრულებდა საზოგადოებების (ანუ გურიის სოფლების) სახალხო კრება.
.
სამედიატორო სასამართლო – ოჯახური დავების განხილვისას მოდავეებს ჯერ ავალდებულებდნენ მედიატორების მეშვეობით მორიგებულიყვნენ, რა დროსაც მედიატორ-მოსამართლეს თავად მოდავე მხარეები ირჩევდნენ, მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი მედიატორ მოსამართლეებს ნიშნავდა საზოგადოების საერთო კრება. მედიატორების გადაწყვეტილება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო საზოგადობის საერთო კრებაზე (ნიკო მარი).
.
სასჯელები – სიკვდლით დასჯას ითვალისწინებდა “ჩაჩუტობა” ანუ ჯაშუშობა, რომელიც ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლებოდა;
.
იყო ე.წ. მორალური სასჯელებიც მაგალითად – მოღალატე კაცი ან ქალი გაშიშვლებული მხრებზე უნდა შეეჯინა მის საყვარელი და ისე მიეყვანა მის სახლამდე.
.
თავისუფლების აღკვეთა – ქურდობაში ან ძარცვაში მხილებულებს სასამართლოზევე ფეხებზე ბორკილებს ადებდნენ და აბარებდნენ იმ სოფლის საზოგადოებას სადაც დამნაშვე ცხოვრობდა. სოფლის საზოგადოებას დამნაშავე ან მისივე სახლში უნდა ჩაესვა ან სოფლის ციხეში („კუტუზკაში“). ამის შემდეგ სოფლის საზოგადოება ვალდებული იყო ყველა შემდგომ სასამართლოზე ჩამოეყვანათ ეს პირები ოზურგეთში და ეჩვენებინათ, რომ მათ ბორიკილი ედოთ.
.
სასჯელის სხვა სახეები: საჯარო გაკიცხვა; სოფლიდან (საზოგადოებიდან) გაძევება; ბოიკოტი; ასევე საინტერსოა, რომ გურიის სასამართლო სასჯელად აკისრებდა საზოგადო სამუშაოებს (გზის გაკეთება);
.
ზიანის ანაზღაურება – ასევე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო გამოჰქონდა გადაწყვეტილება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
.
გურიის სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას ასევე ხელმძღვანელობდა შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარმოებებით, შემამასუბუქებელ გარმოებად ითლებოდა დანაშაულის აღიარება და მონანიება.
.
უმეტეს შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება იყო ზეპირი.
.
მომზადებულია შემდეგი წყაროების მიხედვით:
– ყ. ქარცივაძე – გაზეთი ივერია #172; 1905 წლის 24 სექტემბერი;
– გაზეთი ცნობის ფურცელი #2767; 1905 წელი 11 მარტი;
– Gregory Uratadze – Reminiscences of a georgian social democrat (Григорий Уратадзе – Воспоминания грузинского социал-демократа) – 1968;
-ფოტოზე – ოზურგეთი სახალხო სასამართლო 1905 წელი – ლუიჯი ვილლარის წიგნიდან “ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” (Fire and Sword in the Caucasus).
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა