საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, ლადო კახაძე ამბობს, პრემიერს არ დაურღვევია კანონი, არ გამოუყენებია ქვეყნის ბიუჯეტი.
მმართველი გუნდის დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მავანს და მავანს, ალბათ, რაღაცის გადაფარვისთვის სჭირდება.
მე და მოსახლეობის დიდ ნაწილს ეჭვი არ გვეპარება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავისი ქვეყნისა და მოსახლების მიმართ ერთი გადაცდომაც არ აქვს.
შეცდომები არის, ბევრი რამ გასაკეთებელია, ამას ყველანი ვამბობთ და გამოსწორებას ვცდილობთ.
რაც შეეხება თბილისი-მიუნხენის ფრენის საკითხს, მე დეტალები არ ვიცი. ამ ყველაფერზე შესაბამისმა უწყებებმა გასცეს პასუხი. ღარიბაშვილს არ უსარგებლია სახელმწიფო ბიუჯეტით. არც თვითმფრინავის გამოყენების შემთხვევაში დარღვეულა კანონი. რამდენადაც მე ვიცი, მას აქვს კერძო რეისების შესრულების უფლება. მე ვეყრდნობი ტელევიზიისა და უწყებების ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, აქამდეც ყოფილა შემთხვევა, რომ სახელმწიფო ბალანსზე არსებულ თვითმფრინავს კერძო ფრენა შეესრულებინოს.
პრემიერის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ქვეყნის სახელით, არასდროს არ იქნება შებღალული; რასაც აკეთებს ოჯახის სახელით, აღრეული არ იქნება ქვეყნის საქმესთან. ეს პასუხისმგებლობა აქვს ამ გუნდის ყველა აწევს. ჩვენ გვაქვს წინა ხელისუფლების ნათელი მაგალითი, მე არ მინდოდა ამის თქმას და, საერთოდ, ვერიდები წარსულის რევიზიას, მაგრამ რადიკალური სხვაობაა ცხოვრების მაშინდელსა და ახლანდელ წესს შორის.
ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და ჩვენი გუნდი, მოსახლეობასთან ერთად, დგას ქვეყნის სამსახურში.”
– განაცხადა ლადო კახაძემ.