“არანაირი პრინციპი არ აქვთ ამ ადამიანებს” – კალაძე სებ-ის საბჭოს ყოფილ წევრებზე

“არანაირი პრინციპი არ აქვთ ამ ადამიანებს”, – ასე უწოდა თბილისის მერმა კახა კალაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილ წევრებს, რომლებმაც თანამდებობა გუშინ დატოვეს.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი უარს ამბობდა ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ აშშ-ის საერთაშორისო სანქციები აღესრულებინა, ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ – დატოვა.

იმედის ეთერში კახა კალაძემ კვლავ ქართული ოცნების მესიჯბოქსით ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში დაძაბულობის შემოტანას ცდილობდა.

“აქაც იკვეთება მათი [ოპოზიციის] დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ. აქაც იკვეთება, რომ ისინი არც საკუთარ თავს ეკუთვნიან, არც საკუთარ ხალხს და არც საკუთარ ქვეყანას. ისინი ემსახურებიან კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლებს. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები და ეს ძალიან ბევრ რამეში იკვეთება. თუნდაც ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ ეროვნული ბანკის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც ერთმანეთზე მიყოლებით ტოვებდნენ თანამდებობას. მათ გამოავლინეს უპრინციპობა, არანაირი პრინციპი არ აქვთ ამ ადამიანებს. აქ საუბარია კონსტიტუციის პატივისცემაზე, კანონების პატივისცემაზე, მაგრამ ყველაფერი ცხადი და ნათელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა მომდევნო დღეს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, რითაც ფარცხალაძის მიმართ სანქციების აღსრულება შეჩერდა.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება ხელს აფარებს ოთარ ფარცხალაძე და ხელისუფლებას სათანადო რეაგირება არ აქვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share