რუსული სამთავრობო მედია დიდხანს და მეტ-ნაკლებად გულგრილი იყო “ქართული ოცნების” მიმართ. მას შემდეგ, რაც უკრაინის ომის კვლადაკვალ ოფიციალურმა თბილისმა მრავალჯერ გაიმეორა, რომ არ დაუშვებს “საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას”, რუსული პროპაგანდა მას სიყვარულში გამოუტყდა.
დასავლეთს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და მისი პრორუსული მთავრობის მოშორება სურს, – დაასკვნა რუსულმა მედიამ მოსალოდნელი „ევრომაიდნის” შესახებ სუსის 18 სექტემბრის განცხადების შემდეგ.
ევროკავშირი ვერ ეგუება „ქართული ოცნების” „დამოუკიდებელ პოლიტიკას” და რუსეთთან სიახლოვეს, – დაწერა რუსულმა სახელმწიფო მედიასაშუალება „სპუტნიკმა”.
„ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირი საქართველოს სტატუსზე უარს ეტყვის, იმისთვის, რათა მოარყიოს მმართველი პარტიის პოზიციები და ხელი შეუწყოს მასობრივ გამოსვლებს”, – უთხრა „სპუტნიკს“ პოლიტოლოგმა კონსტანტინ ტასიცმა.
ჟურნალისტმა ნადანა ფრიდრიხსონმა, რომელიც 2018 წელს ფრთხილი ოპტიმიზმით ლაპარაკობდა საქართველოსთან ურთიერთობის დათბობაზე, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხოტბა შეასხა.
ღარიბაშვილი ადეკვატური პოლიტიკოსია. ის არ დაეთანხმა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას და თავისი ქვეყანა „უკრაინასავით არ გაწირა”, – თქვა ფრიდრიხსონმა.
აი, ერთ-ერთმა უმსხვილესმა პროკრემლისტურმა ტელეგრამარხმა „მეშმა” კი, რომელსაც 2 მილიონი გამომწერი ჰყავს, პირდაპირ „პრორუსული” პარტია უწოდა „ქართულ ოცნებას” და განმარტა, რომ მოსალოდნელი გადატრიალებით დასავლეთს ქვეყანაში „პროდასავლური ხელისუფულების” მოყვანა სურს.
გზა “აღიარებამდე”
ამ აღიარებამდე „ქართულმა ოცნებამ” დიდი გზა გამოიარა.
მაგალითად, 2018 წელს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აქებდა ხელისუფლებას „რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის”.
„ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი… უბრალოდ კი არ გაჩნდა, არამედ წარმატებულად რეალიზდა კიდეც”, – ამბობდა ის და ამატებდა, რომ ამ გაუმჯობესებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. განსაკუთრებით, საქართველოს საზღვრებს მიღმა.
თუმცა, პროპაგანდის ნაწილი იყო იმის ხაზგასმაც, რომ ურთიერთობის ეს გაუმჯობესება დასავლეთმა შეიძლება ახალი „ევრომაიდნით” დაამსხვრიოს.
2019 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტში ვიზიტმა ათიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა, რუსული მედია ამტკიცებდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება ისევ „ამერიკული სცენარით იგეგმება”.
„მორიგი მაიდანი”, – ასე შეაფასა რუსეთის პირველმა არხმა „გავრილოვის ღამე”.
„რთულია არ შეამჩნიო, ვინ არის ამ დადგმის რეჟისორი. პლაკატები და გამოსვლები ინგლისურად, აშშ-ის დროშები – ეს სურათები აშკარად დასავლელი მაყურებლისთვისაა”.
მარია ზახაროვა წუხდა და ამბობდა, საქართველომ საკუთარი თავი დაკარგაო.
ცვლილებები ომის შემდეგ
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსული მედია ხშირად წერდა, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია და პირიქით, ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირები სულ უფრო მტკიცდება, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების „დაბალანსებული” და „გონივრული” პოლიტიკა აქვს.
პოლიტილოგმა ვლადიმირ ჟარიხინმა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილ ორგანიაზაციაში, “დესეთეს ქვეყნების ინსტიტუტში” მეორე კაცია, თქვა, რომ ამ პოლიტიკის წყალობით, “საქართველო მრავლპოლუსიანი სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი მონაწილე ხდება. “მრავალპოლუსიანი (ანუ დასავლეთის წინააღმდეგ ამხედრებული) სამყარო” ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი საყვარელი თეზისია.
„გონივრული პოლიტიკის“ შედეგებმაც არ დააყოვნა – 2023 წლის იანვარში, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენამდე სამი თვით ადრე, სერგეი გავრილოვი ამბობდა, საქართველომ დაიმსახურა „არა მხოლოდ ავიამიმოსვლის აღდგენა, არამედ სრულყოფილი დიპლომატიური ურთიერთობებიცო”.
ომის ერთი წლის თავზე, თებერვალში „ქართულმა ოცნებამ” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქათინაურები დაიმსახურა, „მეორე ფრონტის“ გახსნაზე უარისთვის:
„დღეს საქართველოში, პრეზიდენტის გარდა, რომელიც, მადლობა ღმერთს, ქვეყნის განვითარებას გზას არ განაგებს… არის ხელისუფლება… რომელიც უპრეცედენტო ზეწოლას, სანქციებისთვის მიერთებასა და მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნებს პასუხობს: იცით, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვხელმძღვანელობთ, რუსეთთან ვვაჭრობთ, გვაქვს ტურიზმი და ენერგომატარებლებსაც ვიღებთო”, – თქვა ლავროვმა.
ლავროვმა მარტში, როდესაც თბილისში „რუსულ კანონს” აპროტესტებდნენ, კვლავ „ევრომაიდანი” და „უკრაინული სცენარი” ახსენა:
„დასავლეთს სურს, შექმნას გამაღიზიანებელი მის საზღვარზე, ქვეყანაში, სადაც ამჟამინდელი ხელისუფლება, 2013 წელს იანუკოვიჩის ხელისუფლებისა არ იყოს, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე ფიქრობს”, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოში „მაიდანი” არ შედგა. ორ თვეში რუსეთთან ავიამიმოსვლა აღდგა. ბოლო რამდენიმე თვეა, რუსული სამთავრობო მედიის აქცენტები მკაფიოა: საქართველოს მმართველი პარტია დასავლეთს არ ემორჩილება; პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი დასავლეთის მარიონეტია.
სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა რუსულ კრემლისტურ მედიაში გახშირდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, მას იმპიჩმენტი გამოუცხადოს.
რაღაცები უცვლელია
კოლეგების სენტიმენტების მიუხედავად, კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, დმიტრი სოლოვიოვი არ მალავს, რომ საქართველოში ჯარის შეყვანა სურს. სექტემბრის დასაწყისში მან თქვა, რომ რუსეთი სომხეთში აშშ-ის გავლენის გაძლიერებას არ დაუშვებს და, თუ საჭირო გახდა, ზედ საქართველოსაც მიაყოლებს.
„უკეთესი იქნება, ჯერ საქართველოში რომ იფეთქოს, შემდეგ კი სომხეთში. ასე ირანამდე სახმელეთო გზა გვექნება… ამჯერად თბილისში აღარ გავჩერდებით! ისინი [აშშ] სამხრეთ კავკასიას ცეცხლს თუ წაუკიდებენ, იძულებულები ვიქნებით, ბოლომდე წავიდეთ”, – თქვა სოლოვიოვმა 9 სექტემბერს თავის საავტორო გადაცემაში.
რადიო თავისუფლება