დღეს დაგვიდგა სინამდვილე, რომელიც არ გვინდა დავიჯეროთ…
ვისაც ჩვენი სპექტაკლები უნახია, წარმოიდგენს ჩვენს დიდ დანაკარგს, ვინაც ალიკა ლომიძის მეგობარი ყოფილა, ისიც… მამის კვალს გამოჰყვა თეატრში, მამასავით ნაადრევად დაგვტოვა…მასზე ბევრს გეტყვით ეს ინტერვიუ, რომელიც 2020 წელს ჩავწერეთ…
ალექსადრე ლომიძე – „ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებელია“
მამის ნაკვალევმა ოზურგეთის თეატრში მოიყვანა. 16 წლის ბიჭი იყო მაშინ, ახალსკოლამდათავრებული და მამის ნაადრევი გარდაცვალებით გულმოკლული. 1976 წლის სექტემბერი იდგა. მამა, სერგო ლომიძე, ოზურგეთის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სწორედ იმ ზაფხულს გარდაიცვალა და იმ დღეს, როცა მისი ნახევარსაუკუნოვანი იუბილე უნდა ეზეიმათ, 22 ივნისს, დაკრძალვა იყო.
ალექსანდრე ლომიძე მსახიობობაზე არ ოცნებობდა. არც მამა ურჩევდა. თუმცა, რეალურად მას შემდეგ, თეატრს მხოლოდ ორი წლით დაშორდა, – როცა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ოთხ ათეულ წელიწადზე მეტია მსახიობია და უთეატროდ ცხოვრება არც წარმოუდგენია.
თეატრში პირველად გზა თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ილია მაცხონაშვილმა გაუკვალა. მისვლისთანავე მასობრივ როლებში დააკავა…
თავად მსახიობს მოვუსმინოთ:
ალიკა ლომიძე: „ – მაშინ სკოლას რომ დაამთავრებდი ან სწავლა უნდა გაგეგრძელებინა ან უნდა გემუშავა. მამის გარდაცვალებით იმდენად დათრგუნული ვიყავი, სწავლაზე არ მიფიქრია. დროებით თეატრში მივედი. ბავშვობიდან შეჩვეული ვიყავი ამ სამყაროს, მიყვარდა და მაინტერესებდა. ვაკვირდებოდი საგრიმიოროში მსახიობთა გარდასახვას. რეპეტიციაზე, სპექტაკლებზე სულ დავდიოდი. თეატრი მემშობლიურებოდა და შემოვრჩი. მსახიობთა შესანიშნავი პლეადა დამხვდა თეატრში – ვლადიმერ ბაჯელიძე, ლამარა თურმანიძე, შურა ცქიტიშვილი… პარალელურად სტუდიაშიც ვსწავლობდი. კოლექტივი ძალიან მომწონდა და მიყვარდა. თანდათან ჩავერთე სამსახიობო ცხოვრებაში. ჩემი პირველი მთავარი როლიც ვითამაშე, – რეჟისორმა იგორ საბომ დამაკავა დრამატურგ ელენა რაზუმოვსკაიას პიესის მიხედვით სპექტაკლში „ელენა სერგეევნა, ძვირფასო“.
რეჟისორმა და მაყურებელმა მომიწონა ნამუშევარი. -ერთ დღესაც აღმოაჩენდით რომ ეს თქვენი საქმეა. -თანდათანობით მეუფლებოდა ეს განცდა. საბოს სპექტაკლში „კონკისტადორი“ პადრეს როლი ვითამაშე. კომედიური როლებიც მქონდა. მიყვარს ჩემი პერსონაჟები სპექტაკლებში რეჟისორ შოთა ბაბილოძის „ბუტიაობა“, „გუშინდელნი“, რეჟისორ შაკო ურუშაძის „ვოდევილი“. განსაკუთრებით მიყვარს კრეონი „ანტიგონედან“. დიდი მადლობა რეჟისორ ვასო ჩიგოგიძეს ამ როლის შემოთავაზებისათვისა და ნდობისათვის. პირველად შინაგანად შემეშინდა კიდეც. ძალიან საპასუხისმგებლო იყო. მთელი საათნახევარი სცენაზე ვიდექი, ვიხარჯებოდი ემოციურად, ვრცელი დიალოგები გვქონდა თამარ მდინარაძეს და მე. და ეს ყველაფერი, რაც თითქოს არაქათს მაცლიდა, ენერგიით და შემოქმედებითი ძიებებით მავსებდა. სასიამოვნო განცდა იყო. მინდა განსაკუთრებით გავიხსენო რეჟისორი ზურაბ სიხარულიძე. იგი იყო დიდი პიროვნება, რეჟისორი და დიდი კვალი დატოვა ჩემში. ჩვენთან სამი პიესა დადგა – „მაკბეტი“, „მეთორმეტე ღამე“, „ნერგი“ და სამივეში ვთამაშობდი. სამომავლოდაც აპირებდა ჩვენს თეატრში მუშაობას, მაგრამ სამწუხაროდ, ნაადრევად გარდაიცვალა… იქნებ ჩვენი, მსახიობების ძალებით აღვადგინოთ „ნერგი“ და ბატონი ზურას ხსოვნას მივუძღვნათ.
-პერსონაჟში თქვენი პიროვნული თვისებები აისახება?
– პერსონაჟს რეჟისორის მოთხოვნით და მითითებებით აყალიბებ, თუმცა როგორ გააკეთებ, გადასცემ ამას, შენი გადასაწყვეტია. როლზე მარტო რეპეტიციებზე ვერ იმუშავებ. ეს პროცესი თან დაგყვება, ითავისებ, ფიქრობ. სიტყვები ყელს ზემოდან კი არა, შენი სიღმიდან უნდა ამოდიოდეს. როლი შენში უნდა ჩაჯდეს, დამუხტული უნდა იყო მისით. ზერელე საუბარს მაყურებელიც არ გაპატიებს. დრამატურგიაში რაც არის ჩადებული პერსონაჟის შესახებ და რეჟისორი რა მიმართულებასაც გაძლევს, ის უნდა წამოიღო. როგორ გააცოცხლებ მას ეს უკვე შენზეა დამოკიდებული.
– ბევრი თქვენი პერსონაჟი მღერის, რაც სპექტაკლსაც ალამაზებს.
– ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვმღერი, მაგრამ სიმღერა, წამოღიღინება მიყვარს. – პერსონაჟი თუ ახდენს გავლენას მსახიობზე? გავლენას არა, მაგრამ ფრაზები ხშირად მახსენდება, მაგალითად „ნერგიდან“, „ანტიგონედან“ თუნდაც ეს კრეონის ფრაზა: „ – საჭიროა პოლენიკეს გვამი იხრწნებოდეს და წამლავდეს ქალაქს ერთი თვე მაინც. განა მე გული არ მერევა? საღამოს, როცა ზღვის ნიავი ქრის და აქოთებულის სუნი სასახლამდეც აღწევს…“
– პატარა ქალაქის სცენა გაძლევთ პოპულარობის შანსს?
-შეძლებისდაგვარად. „ნერგის“ შემდეგ ბანკში მიცნო ოპერატორმა, სიხარულით გავიზარდე ერთიორად, მეგონა მთელი ქვეყანა ჩემი იყო. მთავარი ეს არის. მსახიობის ჯილოც და შედეგიც არის მაყურებლის ტაში.
-თეატრი მხოლოდ სამსახურია თქვენთვის?
შეიძლება გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ თეატრი ჩემი მეორე ოჯახია. აქ სხვა სუნი ტრიალებს, რომელსაც მხოლოდ თანამშრომელი თუ იგრძნობს. თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულებები ჩვენი თეატრის ტრადიციაა, აქედან ვეღარ წახვალ იმდენ სითბოს, ერთგულებას და გვერდში დგომას ნახულობ. აქ ყველას ერთი ჭირი და სიხარული აქვს. მადლობა ბატონებს ვასო ჩიგოგიძეს და ზაზა ჯინჭარაძეს ამ ტრადიციის გაგრძელებისათვის და გაჭირვების წლებში ჩვენი თეატრის ღირსეულად გამოტარებისათვის. ალიკა ლომიძე რომან ლომინაძის სახელობის და სხვადასხვა პრემიის ლაურეატია, როგორც თვითონ ამბობს, მისთვის მაყურებლის ყურადღება დიდი საჩუქარია.
ესაუბრა ლია კილაძე, თეატრის პრეს სამსახური