როგორი იყო რუსული პროპაგანდა მე-19 საუკუნეში და რას წერდნენ რუსეთის მეფის კარის მოგზაურები გურიაზე
“გურიის მოამბე” აგრძელებს ნიკოლოზ დუნკელ-ველლინგის – მოგონებებს გურიის შესახებ ჩანაწერებიდან.
რას წერდა რუსული პრესა 1853 წელს გურიაზე, ანუ რუსეთ თურქეთის (დაიწყო 1853 წლის 11 ოქტომბერს) მორიგი ომის წინ
სხვადასხვა გარემოებათა ერთობლიობისგან გამომდინარე მომეცა საშუალება ამესრულებინა დიდი ხნის სურვილი და მომენახულებინა უმშვენიერესი ქვეყანა – გურია, ვყოფილიყავი გურიაში და არ გამეკეთებინა რამდენიმე ჩანაწერი იმას ნიშნავდა, რომ ხელიდან გამეშვა ძალიან იშვიათი შესაძლებლობა აღმეწერა ეს ნახატივით ლამაზი მხარე და მისი წესჩვეულებები, რომლებიც დღესაც კი სუნთქავენ პატრიარქალული დროის უბრალოებით.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გურია ანუ უძველს დროში ლაზისტანი ცალკე სამთავრო იყო, რომელსაც გურიელის სახელით ცნობილი მთავრები მართავდნენ, ამ დროისათვის გურია წარმოადგენს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრას, იგი მდებარეობს მაღლობზე, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს ახალციხის მთების პირველ საფეხურს. სამხრეთით იგი ესაზღვრება თურქეთს, რომლიდანაც გამოყოფილია მდინარე ჩოლოქით, სხვანაირად ანტოპუროიუ (Антопурою) და მთებით, რომლებსაც ამ ადგილზე ეწოდებათ ჩალიაკრესტები (Чальякрестами), დასავლეთით ესაზღვრება შავ ზღვას, ხოლო ჩრდილოეთით სამეგრელოს, რომელისგანაც გამოყოფილია ძველი ფაზისით – მდინარე რიონით, აღმოსავლეთით კი ერთის მხრივ ნაწილობრივ ესაზღვრება იმერეთს, ხოლო მორეს მხრივ ახალციხის მაზრას.
ამ საოცარი ქვეყნის მთისა და ბარის ბუნება თავისი სილამაზით აჭარბებს ყველაფერს რისი წარმოდგენაც კი ადამიანს შეუძლია. დიდებულ ჭადრის, წაბლის და ნიგვზის ხეებზე დაკიდებულია მცენარეულის კედელისებური მწვანე საფარი, რომელიც წარმოადგენს ხვიარა მცენარეების, სუროსა და ველური ყურძნის ერთობლიობას; სერენგას (ველური ჟასმინი) სურნელი ავსებს ჰაერს, ბროწეულებს მკვეთრად წითელი მუშტისებური ყვავილები წამოუწევიათ თავიანთივე მუქი სიმწვანიდან. გამჭვირვალე მდინარეები სწრაფად ხმაურით მიიკლაკნებიან პატარა ქვებზე და ვერცხლისფერი ძაფებივით მიედინებიან მდიდრულად მორთული დაბლობებისაკენ, მთელი ეს სანახაობა შემოსაზღვრულია მაღალი მთებით, რომლებსაც მხრებით უჭირავთ ცისფერი ზეცის უზარმაზარი გუმბათი.
ივნისის ჩახუთული საღამო იყო, დაღლილი კაზაკური ცხენით ნელა მივემართებოდი გურიის მთავარი ადგილის – ოზურგეთისაკენ, მისასვლელი გზა ყანებს შორის გადიოდა, საღამოს მზე უკანასკნელი სხივებით ანათებდა ხშირი ხეებისა და ბუჩქების ჩრდილიდან, უკვე მრავლად გვხვდებოდნენ როგორც ცხენოსნი ისე ფეხით მოსიარულე მგზავრები,
უცხო მგზავრების დანახვისას შემხვედრი ქალები დაფრთხალი შველივით შერბოდნენ ტყეში, რათა მოფარებოდნენ ცნობისმოყვარე თვალს. კაცები კი პირიქით ფაფახის მოხდით ხალისითა და თავის დახრით გვესალმებიან. ბოლოს და ბოლოს ერთერთი მოსახვევის შემდეგ პატარა მდელოს მეორე მხარეს გამოჩნდა შემაღლებული ადგილები, რომლებზეც შენობები იდგა. მათგან ერთი ქვითნაშენი და სამ სართულიანია იყო, რომელიც ადრე ადგილობრივი მთავარის სასახლე ყოფილა, ჩემი ოზურგეთში ჩასვლისას კი შენობაში სამხედრო ჰოსპიტალი იყო განთავსებული.
ჩასვლიდან რამდენიმე წუთშივე მოვეწყვე საცხოვრებლად ნაცნობი საინჟინრო ოფიცრის სახლში, რომელმაც დიდი სიხარულით მიმიღო, როგორც ეს მიღებულია ამიერკავკასიაში მცხოვრებ რუსებს შორის. მიუხედავად ცხენით 80 ვერსტიანი ძალიან დამღლელი მგზავრობისა, დაძინება მაინც ვერ მოვახერხე; მოსვენებას შთაბეჭდილებები, რომელიც დამრჩა დაბლობიანი და ჭაობიანი სამეგრელოდან სწრაფი გადასვლა თვალწარმტაც გურიაში, სადაც ფანჯარასთან ჩამავალი მდინარის ჩხრიალი, უამრავი ციცინათელის ნათება და ახლო ბუჩქებიდან ტურის ველური ხარხარიც კი სიახლედ და საინტერესო მეჩვენებოდა,.
ჩემი ჩასვლიდან რამდენიმე დღე დამჭირდა იმისათვის, რომ შევხვედროდი იმ სამ პირს რომელთანაც უნდა მქონოდა ურთიერთობა ჩემი გურიაში ყოფნისას, რის შემდეგაც მომეცა საშუალება თავისუფლად ჩემი შეხედულებისამებრ გამომეყენებინა აქ ყოფნის დარჩენილი დრო და გადავწყვიტე მომენახულებინა გურიის როგორც ისტორიულად ისე სანახაობრივად საოცარი და თვალსაჩინო ადგილები.
მტანჯავდა რა ცნობისმოყვარეობა მომენახულებინა უძველესი და ამასთანავე ღვთიური ადგილი, გავეშურე შემოქმედის მონასტერისაკენ, რომელზეც გადაუვლია არაერთ საუკუნეს, ამასთანავე იგი ორივე ზემოხსენებულ პირობას აკმაყოფილებდა, მონასტერი დაშორებულია ოზურგეთიდან შვიდი ვერსტით, მისკენ მიმავალი გზა ჯერ მინდორში მიდის, სამი ვერსტის შემდეგ ტყის სიღრმეში შევდივართ, სადიდანაც გამოვედით პირდაპირ შემოქმედის მთის ძირში. დაახლოებით ერთი ვერსტი გავიარეთ სწრაფი მთის მდინარე ბზუჯის ნაპირზე, რის შემდეგაც გადავედით მდინარის ფონზე და დავიწყეთ მთაზე ასვლა. ქვიანი და მიმოხვეული გზა სპირალივით მიდის აღმართში, მზავრებს ციცაბო ხევებისაგან გაუთლელი და უხეში ქვებით აგებული კედლები იცავს. იშვიათად მაგრამ მაინც გვხდება პატარა მოედნები, რომელთა გავლის შემდეგ გზა უფრო ციცაბო და ქვიან აღმართზე მიდის, იშვიათი ხეების ჩრდილს მგზავრისათვის სასიამოვნო სიგრილე მოაქვს, თუმცა ამ წამიერი ნეტარების შემდეგ სიცხე კიდევ უფრო აუტანელი ხდება.
ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა მონასტერი, რომელიც გარშემორტყმულია ძველი წაბლის ხეებით, ისინი არიან გურიის მღელვარების უბრად მდგარი მოწმეები და გურიის რამდენიმე თაობის მთავრთა ნეშტთა მცველნი; მთავართა საფლავები თლილი ქვებითაა გაკეთებული, ჩანს ძველი ეკლესია, თურქთა თავდასხმების დროს მათი ღვთისმგმობელი ხელი არ ინდობდა ოდესღაც ძლევამოსილი მეზობლის უკანასკნელ საცხოვრებელს. ძველი ეკლესიას აქვს რვაკუთხოვანი გუმბათი, იგი აშენებულია მოცისფერო პორფირის მქონე დიდი ხავსმოდებული ქვებით, რომლებსაც გარდავლილ საუკუნეთა სიძველის კვალი ატყვიათ და რომლებიც ამაყად ეწინააღმდეგებიან მათზე გადავლილ წლების დამანგრეველ ძალას. ეკლესიის კანკელი გაწყობილია მოოქროვილი სპილენძის ფირფიტებით, რომლებზეც უხვადაა დატანილი ქართული წარწერები, რომელთა შორის გვხვდება ბერძნული წარწერებიც. ვფიქრობ, რომ ამ წარწერებით ახსნილია თუ რაა გამოსახული კანკელზე არსებულ ხატებზე.
მეორე ეკლესია უფრო ახალია, ის გაკეთებულია თლილი ქვით და აქვს მარმარილოს იატაკი; შიდა მხატვრობა უხეში შესრულებისაა, მაგრამ გარედან ეკლესია დიდებული შესახედავია, სხვადასხვა ფერის ფილები რომლითაც ისაა აგებული აძლევს მას განსაკუთრებულად ორიგინალურ იერს. ამ ეკლესიაში ინახება შემოქმედელი ბერების ძალიან ხანგრძლივი შრომის შედეგი – გურიის ჟამთააღწერა, დაახლოებით ისეთივე როგორიცაა კიევ-პეჩორისკის პატერიკი.
ვრცელი და ნათელია არქიპეის სახლი სადაც პირველად ვნახე ღვაწლმოსილი ასაკოვანი ბერი – მიტროპოლიტი დავითი. სახლში კეთილი გულით შემოგვთავაზეს მოკრძალებული ვახშამი, რომლის შემდეგაც მოვთავსდი ხეებს შორის გიგანტური ქვისაგან გაკეთებულ სკამზე, საიდანაც ვტკბებოდი მონასტრის მთის მწვერვალიდან გადაშლილი ხედებით.
ამ ადგილიდან თვალთახედვის არეალი მოიცავს მთელს გურიას, სამგრელოსა და იმერეთის სამხრეთ ნაწილებს, და იკარგება მწვანე უღრან ტყეებში, რომელიც შორეულ კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მწვერვალებით შემოსაზღვრულ ჰორიზონტზე ბუნდოვან სილურჯეს ერწყმის. მეორე მხარეს ფირუზისფერ ზოლად ჩანს შორეული და უსაზღვრო ზღვა.
უკან დაბრუნებისას მეგზურმა დამანახა გზიდან შორს მდებარე ხეტყის სახერხი წისქვილი, რომელიც გამოუგონებია ბრმა მოხუც გურულ გლეხს, რისთვისაც გამომგონებელი დაუჯილდოვებიათ ვერცხლის მედლით. მისი გარჯა დამთავრებულა სრული წარმატებით, წისქვილი მუშაობს კარგად და ხერხავს და მუშავებს საკმაო რაოდენობის ხეტყეს.
ტყეში ისე კარგად და ხალასად ვიყავი, რომ სახლისაკენ არც კი ვჩქარობდი, ველზე გამოსვლისას ჩამოვქვეითდი რადგანაც მინდოდა კარგად დამეთვალირებინა სხვადასხვა ჯიშის ხეზე შემოხვეული ხვიარა მცენარეებისა და სუროსა მრავალფეროვანი ნაირსახეობები, დათვალიერებისას სუროს ათამდე სახეობა დავითვალე. რა დროსაც ტყიდან გამოვიდა რამდენიმე კაზაკი და გურულები, რომლებიც როგორც მივხვდი მიდიოდნენ ოზურგეთში. როგორც გავარკვიე მათ კარანტინში მიყავდათ თურქებისათვის საზღვარზე წართმეული ტყვეთასყიდვის მსხვერპლი ორი მშვენიერი გურული გოგონა.
ტყვეთასყიდვა არის ერთერთი დანაშაულთაგანი, რომლის აღკვეთას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მთავრობა. საკორდონო ხაზზე, რომელიც მიუყვება საზღვარს დაწესებულია ზედამხედველობა საკარანტინო წესების დაცვაზე, რომელსაც ხშირად დაუსჯელად არღვევენ ჩვენი მეზობელი აჭარლები, ამ წესების დაცვასთან ერთად მთავრობა ძალიან შედეგიანად ებრძვის ტყვეთასყიდვას. ძნელია დადებითად შეაფასო ის მიზეზები, რამაც გამოიწვია ამ ეგრედწოდებული სარეწაო დარგის განვითარება, რომელიც წინააღდეგობაში მოდის ბუნების კანონებთან და ადამიანური გრძნობების უაღრესად აღშფოთებას იწვევს. არის კი ეს შედეგი ძველი ველური წესებისა რომელიც ბედნიერებად მიიჩნევს თავისი შვილების კარგ ცხოვრებას თურქულ ჰარემებში? სურვილია – კი ფულის შოვნა, რომლის გადახდასაც არ ერიდებიან სიტკბოების მოყვარული ოსმალები? ან ბოლოს და ბოლოს ეს ხდება იმისთვის რომ ყოველდღიური საკვების უკმარისობის გამო ოჯახის სულადობის შემცირება სურთ?
მე არ შემიძლია ავხსნა მიზეზი თუ რატომ ხდება ყოველივე ეს და რატომ ხდებიან ადამიანები იძულებულნი ეწეოდნენ ვაჭრობის ასეთ სახეობას, რომელიც შეურაცმყოფელია კაცობრიობისათვის. დანამდვილებით ვიცი გურულების დიდი უმრავლესობა ზიზღით უყურებს ამ უკანონო საქციელს და ტყვეთასყიდვა არის ერთერთი მთავარი მიზეზთაგანი თურქებისადმი ზიზღისა, რომელსაც გულწფელად განიცდის ზოგადად ყველა გურული.
ამისაგან დამოუკიდებლად შინაგანად ძალიან ამაყ და მეომარ გურულს არ შეუძლია აპატიოს თურქებს, ისეთი დამცირება რასაც ისინი განიცდიდნენ, როდესაც მათი ღვთისმგმობელი ხელი ბილწავდა გურულების მთავრთა საფლავებს, თავს ესხმოდა მათ სამშობლოს და ბილწავდნენ წმინდა ეკლესიებს არ ინდობდნენ არც მათ სახლებს, არც ქალებსა და ბავშვებს. თავადებსა და აზნაურებს უფრო მეტად აქვთ თურქების ზიზღი, ისინი ხვდებიან იმდენსავესა და უბრალო კაცზედ მეტსაც, ხვდებიან რომ წავიდა ის დრო როდესაც მოძალადე თურქი ისე ბატონობდა გურიაში როგორც საკუთარ სამფლობელოში, და იმასაც ხვდებიან, რომ რუსეთის მეფის ძლავრი ხელისუფლების დაცვის ქვეშ ყოფნით, მათი ოჯახების და მათივე სიცოცხლე დაცულია მყარი საყრდენით, რომლის წინააღმდეგაც უძლურია თურქების ძალისხმევა, რომლებსაც დღემდე აწუხებთ მოგონებები დიდებულ ქვეყანაზე საიდანაც ისინი გააძევეს და რომელიც ყოველთვის წარმოაგენდა მათი წადილის საგანს.
მაგრამ გურულები თავიანთ მეზობლებს სხვა კავკასიურ ტომებზე უფრო კარგად იცნობენ, იმის ერთი გაფიქრებაც კი რომ ისინი შეძლება თურქების ბატონობის ქვეშ აღმოჩნდნენ, მათ ძარღვებში მთიელის იმ ამაყ სისხლს ადუღებს, რომელსაც ოდესღაც ასე დაუნდობლად ღვრიდნენ თურქები.
პ.ს. ველინგ დულკელისათვის, რომელმაც 1850 ან 1851 წლების ივნისსში მოინახულა შემოქმედის მონასტერი ალბად “უცნობი” იყო, რომ 1819-1820 წელს იმერეთისა და გურიის აჯანყების (ცნობილია ასევე საეკლესიო აჯანყების სახელით) ჩახშობისას რუსი გენერლის ველიამინოვის ბრძანებით რუსეთის ჯარმა ააფეთქა შემოქმედის ციხე და მის კედლებში მოქცეული სამონასტრო ნაგებობათა ნაწილი. ასევე წერილის წაკითხვისას მნიშვნელოვანია ის, რომ წერილები გამოქვეყნდა 1853 წლის ოქტომბერ-იანვარში, 1853 წლის 11 ოქტომბერს კი დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, რომელმაც მისი დაწყებიდან რამდენიმე დღეში 15-16 ოქტომბრიდან უკვე მთელი გურია მოიცვა.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
შვეიცარიელი მოგზაურის მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს 1830-იანი წლების ნახატი
(გაგრძელება იქნება) – შემდეგი ნაწილი ნიკოლოზ დუნკელ-ველლინგის მოგზაურობა ლიხაურში 1851 წელს.