ჩამოვა? არ ჩამოვა? – არჩევნებამდე 3 დღით ადრე ოცნებაც და ოპოზიციაც ლამისაა გვირილაზე მკითხაობს: ვიხილავთ თუ არა მე-3 პრეზიდენტს საქართველოში არჩევნების ღამეს. და თუ ვიხილავთ, მიუხედავად იმისა, ციხეში მოხვდება თუ პარლამენტის წინ მრავალათასიან მიტინგზე, ერთი რამ უდავოა – ივანიშვილის თავის ტკივილი გაუსაძლისი, ცვლილებები კი გარდაუვალი გახდება.
ისედაც ჩამოშლის პირას მისული ოცნებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ სააკაშვილმა ქართულ მიწაზე ფეხი საერთოდ არ დადგას და დარწმუნებული ვარ ხელისუფლება ამისთვის ყველა შესაძლო მეთოდს გამოიყენებს. ხოლო თავის მხრივ, თუ მე-3 პრეზიდენტი კვლავაც გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო არ შეასრულებს დანაპირებს, ეს მისი პოლიტიკური კარიერის გარდა, სერიოზულად დააზიანებს ნაცმოძრაობას და მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს, მოახდენს ყოფილი ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მობილიზებას და შეაგულიანებს ოცნების მხარდამჭერებს, რითაც მმართველი პარტიის უპირატესობას, განსაკუთრებით მეორე ტურებში საგრძნობლად გაზრდის.
თუ სააკაშვილი ყველა სირთულის მიუხედავად მაინც გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, განზრახული აქვს, რომ ციხეში ჩაჯდეს და ამ ფორმით გააგრძელოს პოლიტიკური ბრძოლა, ის დემონსტრაციულად მშვიდობიანად ჩაბარდება სამართალდამცავებს, საკუთარ მომხრეებს კი მოუწოდებს, რომ არ მივიდნენ აეროპორტში, მოერიდონ დაპირისპირებას და მთელი ყურადღება საარჩევნო უბნებზე და ხმების დაცვაზე გადაიტანონ. თუ ოცნება 43 პროცენტს ქვემოთ დარჩება, რისი ძალიან მაღალი ალბათობაც არსებობს, დასავლეთთან დაპირისპირებული და მორალურად მორყეული მმართველი პარტია, ოპოზიციური სპექტრის, მოსახლეობისა და იმავე დასავლეთის სრული მობილიზების პირობებში, წინააღმდეგობას ვეღარ გაწევს და რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი იქნება.
და თუ დევნილი პრეზიდენტი სულაც არ ფიქრობს ციხეში ჩაჯდომას, თუმცა გეგმაში აქვს ჩამოვიდეს და მე-2 ტურების შედეგებზე გავლენა მოახდინოს, მის მიერ ბილეთის გამოქვეყნება შეიძლება ტაქტიკური სატყუარა აღმოჩნდეს. ანუ სააკაშვილი შეეცადოს რომელიმე სახმელეთო საზღვრით შემოვიდეს, მხარდამჭერების მობილიზება მოახდინოს და დაუმორჩილებლობის მოძრაობა დაიწყოს, რაღაც იმის მსგავსი, რაც წალენჯიხიდან სვლას გაგვახსენებს. ასეთი სცენარის შემთხვევაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ოცნების მხარდამჭერების მობილიზაცია ღარიბაშვილმაც დააანონსა, სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან სერიოზული საფრთხეები ჩნდება.
ვითარებას ისიც ართულებს, რომ 2003 წელთან რიგი მსგავსების მიუხედავად, დღეს ბევრი განსხვავებული ფაქტორი არსებობს, რაც რევოლუციური სცენარის წარმატების შანსებს სერიოზულად ამცირებს, ხოლო სამოქალაქო დაპირისპირებას ზრდის. მაშინაც და დღესაც სააკაშვილისადმი მხარდამჭერი მოსახლეობის 1/3 ია. თუმცა 2003 წელს რევოლუციურმა დინამიკამ შედეგი იმ მიზეზით მოიტანა, რომ მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტები და ძალოვანი სტრუქტურები უკიდურესად დასუსტებული იყო, შევარდნაძე კი იდეური მხარდამჭერების გარეშე დარჩენილი. დღეს ვითარება განსხვავებულია. სააკაშვილის დროს შექმნილი ინსტიტუტები, განსაკუთრებით კი ძალოვანი სტრუქტურები, რომელსაც ნაციონალებისვე დამკვიდრებული საბიუჯეტო წესრიგი კვებავს, მყარად დგას ფეხზე, მეტიც ტოტალურ კონტროლს ახორციელებს, რაც 2003 წლის მსგავსად მათი ჩამოშლის შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს.
მართალია არც ქართული ოცნება გამოირჩევა იდეური მხარდამჭერების სიმრავლით, თუმცა მიშას და ნაცმოძრაობის მოძულეები ცოტანი არ არიან და თუ მათ ხელისუფლება წაახალისებს, რისი არაერთი მაგალითიც გვინახავს, სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. მსგავსი სცენარი, თავის მხრივ, უკვე ხელისუფლებას მისცემს ლეგიტიმურ საფუძველს ვითარების სამართავად უხეში ძალა გამოიყენოს. ბუნებით ავტორიტარიზმისკენ ისედაც მიდრეკილი ივანიშვილისგან კი, დიდი ალბათობით, მივიღებთ მასშტაბურ რეპრესიებს პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტური ავტორიტარიზმის ფაზაში შეგვიყვანს. ეს კი ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს დასავლეთიდან სრულ დისტანცირებას, რუსეთის დანამატად გაფორმებას და ქართველი ახალგაზრდობის ქვეყნიდან მასობრივ გადინებას. მესმის, რომ ამ ვერსიებით ძალიან შეგაშინეთ, ჩემი სიმშვიდეც მოჩვენებითია. არადა ამ დრამატულად მძიმე და კომპლექსური რისკებისგან დაზღვევის საშუალება არსებობს, ის ძალიან მარტივია და პირდაპირი გაგებით ჩვენს ხელშია: მაღალი საარჩევნო აქტივობა. შედეგი უნდა იყოს მკაფიო და ეჭვს მიღმა. ჩვენი ერთი ხმა, რომელმაც ცუდი პოლიტიკის მიერ შექმნილი მრავალი რისკი უპირობოდ შეიძლება დააზღვიოს. ანუ საარჩევნო შედეგებში ასახული საზოგადოების ნათელი ვერდიქტი ახალი საპარლამენტო სისტემით უზრუნველყოფილი, ბალანსსა და ურთიერთშეკავებაზე დაფუძნებული მომავლის სასარგებლოდ. რაც უფრო დაბალი იქნება მმართველი პარტიის შედეგი, მით ნაკლები იქნება შანსი იმისა, რომ შედეგად სამოქალაქო დაპირისპირება და ჩაბეტონებული დიქტატურა მივიღოთ. ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენისა და აპოკალიფსური სცენარებისგან თავის დაზღვევის ერთადერთი გზა და საშუალება თითოეული ჩვენგანის ხელშია და რიგგარეშე არჩევნებით კოალიციურ მმართველობამდე მისვლაა, სადაც გადამწყვეტი სიტყვა არც ბიძინას ექნება და არც მიშას.
მოკლედ მიშას ჩამოსვლით და ადგილზე ყველა მთავარი მოთამაშის ყოფნით უსაშველოდ დაგრეხილი ქართული პოლიტიკის კვანძი ყველა ვარიანტში გაიხსნება, და დიდწილად ჩვენს საარჩევნო აქტივობაზე იქნება დამოიკიდებული, რომ ეს კვანძი ჩვენივე ქვეყნის ყელზე შემოჭერილ მარყუჟად არ გვექცეს.